„მხატვრები მშვიდობისთვის“ - პროექტის ფარგლებში ჯარის ღირებულებებზე შექმნილი ნამუშევრები გამოიფინა
„მხატვრები მშვიდობისთვის“ - პროექტის ფარგლებში ჯარის ღირებულებებზე შექმნილი ნამუშევრები გამოიფინა

„მხატვრები მშვიდობისთვის“ – ასე ეწოდება თავდაცვის სამინისტროს პროექტს, რომლის პრეზენტაციაც ეროვნული არქივის საგამოფენო სივრცეში გაიმართა.

ღონისძიებაზე 12 მხატვრის მიერ ჯარის ღირებულებებზე შექმნილი ნამუშევრები გამოიფინა. წარმოდგენილი იყო ნახატები თემებზე: თავგანწირვა, მშვიდობა, გამარჯვება, სიმამაცე, სიცოცხლე, სიმტკიცე, თავდადება, მეგობრობა, სიყვარული, ერთობა, თავისუფლება და ერთგულება.

ღონისძიებას თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია, მთავრობის წევრები, სამხედრო მოსამსახურეები და Army Card-ის პარტნიორი კომპანიის წარმომადგენლები დაესწრნენ.

მინისტრმა შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა და პროექტში ჩართულ მხატვრებს მადლობის სიგელები გადასცა.

„ჩვენი სამხედროები იმ მემკვიდრეობას, რომლებიც წინაპრებისგან მივიღეთ, თავიანთი თავგანწირვით ყოველთვის ამყარებდნენ და ამით საზოგადოებისთვის უფრო ღირებულს, დაფასებულსა და საამაყოს ხდიდნენ. დღევანდელი ჩვენი პროექტი სწორედ ამ მადლიერების, განსაკუთრებული განწყობისა და დამოკიდებულების გამოხატულებაა, სწორედ იმ ადამიანების მიმართ, ვისაც ჩვენ ნაცვლად აქვს აღებული პასუხისმგებლობა, რომ ღირსეულად ემსახუროს ამ ღირებულებებს“, – განაცხადა ლევან იზორიამ.

საღამოზე მისულ სტუმრებს საშუალება ჰქონდათ, ნებისმიერი ნამუშევარი შეეძინათ. შემოსული თანხა თავდაცვის სამინისტროს ბაზაზე არსებულ დაჭრილ-დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეთა ფონდში ჩაირიცხება და მათ საჭიროებებს მოხმარდება.

პროექტში მონაწილეობდნენ მხატვრები: რუსუდან ფეტვიაშვილი, ნიკო ცეცხლაძე, დალი ფოდიაშვილი, დევი ზალდასტანიშვილი, მამუკა მიქელაძე, ნინო ჩაკვეტაძე, ნინო ფერაძე, ქეთი მატაბელი, კოკა ციხელაშვილი, ანტონ ბალანჩივაძე, სანდრო დალაქიშვილი.

როგორც გამოფენაზე მყოფმა მხატვრებმა აღნიშნეს ამ პროექტში მონაწილეობა მათთვის საპასუხისმგებლო და საინტერესო იყო.

„ჩემი ნამუშევარი შექმნილია თემაზე ,,სიმამაცე”. აღნიშნული ნახატი მივუძღვენი ქართველ სამხედრო ქალს ზოია კურტანიძეს, რომელმაც 2008 წლის ომის დროს რუსული ბომბდამშენი ჩამოაგდო. მინდა თავდაცვის სამინისტროს მადლობა გადავუხადო ამ პროექტისთვის და ასეთ მამაც ქალებს წარმატება და დღეგრძელობა ვუსურვო“,  – აღნიშნა მხატვარმა ნიკო ცეცხლაძემ.