მიწისძვრის პროგნოზირება, შესაძლოა, ორი საათით ადრე მოხერხდეს — #1tvმეცნიერება
თეორიულად შესაძლებელია, რომ მიწისწვრის პროგნოზირება მის მოხდენამდე ორი საათით ადრე მოხდეს, რაც უამრავ სიცოცხლეს გადაარჩენს. თუმცა, ამისათვის საჭიროა ისეთი GPS სენსორების შექმნა, რომლებიც დღევანდელზე 100-ჯერ უფრო ზუსტი იქნება.
გასული რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში, შეიცვალა ექსპერტთა შეხედულება იმის შესახებ, არსებობს თუ არა სეისმური აქტივობის რაიმე ნიშანი უშუალოდ მიწისძვრამდე; როგორც წესი, დიდწილად მიიჩნევა, რომ ამ მოვლენის პროგნოზირება შეუძლებელია. ეს დებატები შეიძლება საბოლოოდ გადაჭრან საფრანგეთის ქალაქ ნიცის ლაჟვარდოვანი სანაპიროს უნივერსიტეტის მეცნიერებმა, კენტინ ბლეტერიმ და ჟან-მატიე ნოკემ.
GPS მონაცემების გამოყენებით, მათ მიწისძვრის წინ, ტექტონიკურ ფილებს შორის თანდათანობითი, აჩქარებული სრიალი დააფიქსირეს. ეს სრიალი ზედმეტად მცირეა და სეისმოგრაფებზე ვერ გამოჩნდება, თუმცა, დაფიქსირების შემთხვევაში მიუთითებს, როდის დაიწყება მიწისძვრა. ასეთი მიდგომა აქამდეც იყო ნაცადი, მაგრამ როგორც ბლეტერი აღნიშნავს, წინა კვლევებში შესწავლილი იყო მხოლოდ რამდენიმე მიწისძვრა და წარმოქმნილი ისეთი გამაფრთხილებელი ნიშნები, რომლებსაც მიწისძვრა ყოველთვის არ მოსდევს, ანდაც მიწისძვრამდე გაურკვეველი დროით ადრე შეინიშნება.
მკვლევრებმა GPS-ის მიერ ხუთწუთიან პერიოდში ჩატარებული გაზომვები გამოიყენეს, რის გამოც, ისინი ერთი სანტიმეტრის მასშტაბით არიზ ზუსტი. მონაცემები 90 სხვადასხვა მიწისძვრამდე 48 საათით ადრე იყო აღებული. 3000-ზე მეტი გაზომვის მონაცემთა კომბინირებით, მიწის მოძრაობათა ჩაწერილი მონაცემები მათ მოძრაობის იმ პროგნოზირებულ მიმართულებას შეადარეს, რომელსაც თითოეული ადგილი განიცდის მიწისძვრის დროს.
ასე დაადგინეს, რომ თითოეულ შემთხვევაში, მოსალოდნელ მიმართულებაში ყველაზე დიდი მოძრაობა უშუალოდ მიწისძვრის წინ ხდებოდა. ასევე აღმოაჩინეს, რომ მონაცემთა ბოლო 23 წერტილი აჩვენებდა თანდათანობით მზარდ მოძრაობას მოსალოდნელი მიმართულენით; მათგან ბოლო შვიდი ყველაზე დიდი იყო მთელ 48-საათიან პერიოდში მომხდართა შორის.
ბლეტერის განცხადებით, ეს მიანიშნებს თანდათნობით, ნელ და სხვა მხრივ დაუფიქსირებელ სრიალზე ტექტონიკურ ფილებს შორის, რაც მიწისძვრამდე დაახლოებით ორი საათით ადრე იწყება. მისივე თქმით, ეს რაღაც ისეთია, რაც შეიძლება მიწისძვრის საიმედო დეტექტორად გამოდგეს.
თუმცა, არის ერთი პრობლემა. ბლეტერი ამბობს, რომ ამჟამინდელი GPS სენსორების ხმაურის დონის გამო, ამის დაფიქსირება მხოლოდ მონაცემთა დიდ კრებულშია შესაძლებელი და თანაც, ყველა ადგილზე ვერ მოხერხდება. მისი განცხადებით, ამისათვის საჭიროა, რომ GPS სენსორებმა სულ რაღაც 0,1-მილიმეტრიანი მოძრაობების დაფიქსირება შეძლონ.
„არ შეგვიძლია ერთი მიძისძვრის მასშტაბით დაფიქსირება და შესაბამისად, არც პროგნოზების გაკეთება შეგვიძლია. თუმცა, ეს ყველაფერი გვეუბნება, რომ იქ რაღაც ხდება და თუ გაზომვების მიმართულებით მნიშვნელოვან პროგრესს მივაღწევთ, ან თავად სენსორში, მისი მგრძნობელობის გაუმჯობესების მხრივ, ან უბრალოდ თუ ბევრი ასეთი ხელსაწყო გვექნება, იქნებ პროგნოზების გაკეთებაც შევძლოთ“, — ამბობს ბეტერლი.
ბერკლის კალიფორნიის უნივერსიტეტის მკვლევარი როლანდ ბურგმანი ამბობს, რომ კვლევა იმედისმომცემია, მაგრამ მათ მიერ წარმოდგენილ სიგნალებს შემდეგი კვლევებით დადასტურება ესაჭიროება.
„აქამდეც არაერთი რეტროსპექტიული დაკვირვებაა ჩატარებული მიწისძვრის წინამორბედთა სხვადასხვა ტიპზე, მათ შორის, ფორშოკებზე, დეფორმაციაზე და ა. შ. მაგრამ ხასიათით ისინი არ გამოირჩევა სხვა დროს მომხდარი ასეთივე მოვლენებისგან“, — ამბობს ბურგმანი.
თუმცა, როგორც ის იქვე აღნიშნავს, რადგან ბლეტერიმ და ნოკემ ეს ორსაათიანი პრეკურსორობის კანდიდატი მრავალ სხვადასხვა მიწისძვრაში შენიშნეს, ამჯერად ყველაფერი უფრო იმედისმომცემი ჩანს.
კვლევა ჟურნალ Science-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია New Scientist-ის მიხედვით.