მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის ვადა 2019 წლის პირველ იანვრამდე გაგრძელდება
საქართველოში მიწის რეგისტრაციის რეფორმის ფარგლებში, ნაკვეთებზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის ვადა 2019 წლის პირველ იანვრამდე გაგრძელდება. შესაბამისი ცვლილებები „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ” კანონში შედის, რომლის გათვალისწინებით, რეგისტრაციის ვადა 2018 წლის პირველ ივლისამდე იყო განსაზღვრული.
„მიწის რეგისტრაციის რეფორმის წარმატებას მოსახლეობის მაღალი აქტივობა და ჩართულობა ადასტურებს. მიწაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნით, სააგენტოს ყოველდღიურად 1500-დან 2000-მდე განცხადება წარედგინება, ცალკეულ დღეებში განცხადებების რაოდენობამ დღეში კი, 5000-ს გადააჭარბა. დღეის მდგომარეობით, სააგენტოში სარეგისტრაციო წარმოება 105 712 განცხადებაზე მიმდინარეობს.
კერძოდ, 23 394 განცხადება საკუთრების უფლების აღიარების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით გადაგზავნილია შესაბამის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიებში, ხოლო 60 000-ზე მეტ განცხადებაზე სარეგისტრაციო წარმოების ფარგლებში, სხვადასხვა ადმინისტრაციული ორგანოებიდან საჭირო დოკუმენტაციის მოძიების პროცესი მიმდინარეობს. ამდენად, კანონის მოქმედების ვადის გაგრძელება მნიშვნელოვანია როგორც მიმდინარე სარეგისტრაციო წარმოებების წარმატებით დასასრულებლად, ასევე დაინტერესებული პირების მაღალი მიმართვიანობიდან გამომდინარე. გარდა ამისა, კანონის მოქმედების ვადის გაგრძელება აქტუალურია იმ ცალკეული სახელმწიფო პროექტების დროულად და შეუფერხებლად განხორციელებისათვის, რომელიც რეგისტრირებული მონაცემების არსებობის ფორმით მიწის მესაკუთრის იდენტიფიცირებას მოითხოვს”, – აღნიშნულია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.