სისტემური და სპორადული წესით მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის პროცესი 2020 წლის პირველ იანვრამდე გაგრძელდება
სისტემური და სპორადული წესით მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის პროცესი 2020 წლის პირველ იანვრამდე გაგრძელდება

სისტემური და სპორადული წესით მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის პროცესი 2020 წლის პირველ იანვრამდე გაგრძელდება. შესაბამისი ცვლილებები პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ოთარ დანელიამ მოამზადა.

დანელია განმარტავს, რომ ვადების გაგრძელება მიწის რეგისტრაციის რეფორმის ფარგლებში ხდება, რომელიც 2019 წლის პირველ ივლისამდე მოქმედებს.

„საკანონმდებლო რეფორმის მიზანს იმ სირთულეების აღმოფხვრა წარმოადგენდა, რომლებსაც მიწის ნაკვეთების მფლობელები საკუთრების უფლების რეგისტრაციის პროცესში ექმნებოდათ. კანონის თანახმად, მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის პროცედურა გამარტივდა, მოიხსნა ის ბიუროკრატიული თუ ფინანსური ბარიერები, რომლებიც მესაკუთრეს ამ პროცესში ექმნებოდა. ამრიგად, მოქმედი კანონი უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის პროცედურების გამარტივებასა და მესაკუთრის უფლებების დაცვაზეა ორიენტირებული.

ვინაიდან, მიწის პირველადი რეგისტრაციის პროცესი ჯერ კიდევ არ არის დასრულებული, კანონპროექტი მიზნად ისახავს 2016 წელს დაწყებული რეფორმით დასახული მიზნის სრულად განხორციელებასა და ამ დროისათვის უკვე აპრობირებული, ქმედითი და ეფექტიანი სამართლებრივი მექანიზმების გამოყენებით უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის ხელშეწყობას“, – ნათქვამია პროექტში.

კანონპროექტში სტატისტიკაც არის მოცემული, თუ რამდენმა მოქალაქემ ისარგებლა მიწის რეფორმით.

„რეფორმამდე არსებულ მდგომარეობასთან შედარებით, მიმართვიანობა გაზრდილია დაახლოებით 400%-ით. რეფორმის დაწყებიდან 2019 წლის მაისის მდგომარეობით უკვე რეგისტრირებულია 661 100-ზე მეტი მიწის ნაკვეთი. მიწაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნით სააგენტოს ყოველდღიურად 1500-დან 2000-მდე განცხადება წარედგინება. ცალკეულ დღეებში განცხადებების რაოდენობამ კი დღეში 5000-ს გადააჭარბა. 2019 წლის მაისის მდგომარეობით, სააგენტოში 86 400-ზე მეტ განცხადებაზე მიმდინარეობს სარეგისტრაციო წარმოება. ამ განცხადებების ნაწილი, კერძოდ, 27 320-ზე მეტი განცხადება საკუთრების უფლების აღიარების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით გადაგზავნილია შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიებში, ხოლო 54 200-ზე მეტ განცხადებაზე სარეგისტრაციო წარმოების ფარგლებში მიმდინარეობს სხვადასხვა ადმინისტრაციული ორგანოებიდან საჭირო დოკუმენტაციის მოძიების პროცესი. კიდევ 4900 – ზე მეტი ახლად წარმოდგენილი განცხადება განხილვის პროცესშია“, – აღნიშნულია პროექტში.