„მივმართავ ხელისუფლებას, ქვეყნის იმიჯის ზიანის შემცირების მიზნით, ვანო მერაბიშვილი გაათავისუფლოს“
საქმე, რომელიც ვანო მერაბიშვილის პოლიტიკურ პატიმრად ცნობას ეხება, ჩვენ სტრასბურგის სასამართლოში მოვიგეთ, – ეს განცხადება ვანო მერაბიშვილის ადვოკატმა ოთარ კახიძემ გააკეთა.
როგორც ოთარ კახიძემ განაცხადა, ადამიანის უფლებათა სასამართლოს დიდმა პალატამ ვანო მერაბიშვილის საქმეზე სექციის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.
„ჩვენ საქმე მოვიგეთ, რომელიც ვანო მერაბიშვილის პოლიტიკურ პატიმრად ცნობას ეხება. სასამართლომ მე-18 მუხლის დარღვევა ძალაში დატოვა. ეს ცნობილი მუხლია, რომლითაც სტრასბურგში ცნობილი პოლიტიკური პატიმრების საქმეები იყო წარმართული. მინდა, საქართველოს ხელისუფლებას მივმართო, თუ სურთ ზიანის მინიმირება მოახდინონ, რომელიც ჩვენი ქვეყნის იმიჯს მიადგება ამ უპასუხისმგებლო გადაწყვეტილებით, რაც მათ მერაბიშვილის დაპატიმრებით მიიღეს, თუ ამ ზიანის გამოსწორება სურთ, ვანო მერაბიშვილის გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ მიიღონ. დიდი პალატის გადაწყვეტილება აღარ საჩივრდება. ეს საბოლოო ინსტანციაა და მინდა ვისურვო, რომ გადაწყვეტილება ხელისუფლებისთვის გაკვეთილი იქნება, რომ ჩვენს ქვეყანაში პოლიტიკური დევნა უნდა დასრულდეს. უნდა გათავისუფლდეს როგორც მერაბიშვილი, ისე სხვა პოლიტიკური პატიმრები, სადაც ევროპული კონვენციის დარღვევის ნიშნები ასევე იკვეთება“, – განაცხადა ოთარ კახიძემ.
ყოფილი პრემიერის, ვანო მერაბიშვილის საკნიდან გაყვანის ეპიზოდზე ევროპის ადამიანის უფლებების სასამართლომ საქმეზე – ვანო მერაბიშვილი საქართველოს წინააღმდეგ, გადაწყვეტილება დღეს გამოაცხადა.