მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ხელმძღვანელი - რუსეთ-გერმანიის სტრატეგიული პარტნიორობის იდეა დასრულდა
მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენეციის ხელმძღვანელის, ვოლფგანგ იშინგერის თქით, გერმანიასა და რუსეთს შორის ურთიერთობები ყველაზე დაბალ ნიშნულზეა. ამის მიზეზად „შპიგელთან“ ინტერვიუში იშინგერი რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის შესაძლო მოწამვლას ასახელებს.
მისივე თქმით, მოსკოვსა და ბერლინს შორის ნდობის კრიზისი ჩამოყალიბდა, რაც განპირობებული იყო ბუნდესტაგზე ჰაკერული თავდასხმით, ყოფილი რუსი ჯაშუშის სერგეი სკრიპალის მოწამვლით და ბერლინში ჩეჩენი საველე მეთაურ ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობით.
მისივე განცხადებით, ნავალნის გარშემო განვითარებული მოვლენების გამო ნდობა ორ ქვეყანას შორის ამოწურულია.
„სამწუხაროდ, ეს დასასრულია, მათ შორის რუსეთსა და გერმანიას შორის სტრატეგიული პარტნიორობის იდეის დასასრულიც“, – განაცხადა იშინგერმა.
ამასთან, გერმანელი დიპლომატი მიიჩნევს, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები შედეგს არ გამოიღებს.
შეგახსენებთ, ალექსეი ნავალნი 20 აგვიტოს ტომსკი-მოსკოვის რეისზე შეუძლოდ გახდა. ოპოზიციონერი თავდაპირველად ომსკის საავადმყოფოში გადაიყვანეს, რამდენიმე დღეში კი ბერლინში გადაიყვანეს.
გერმანელი ექიმების შეფასებით, რუსი ოპოზიციონერი სავარაუდოდ მოწამლულია. ბერლინმა მოსკოვს მოუწოდა, ნავალნის საქმეზე გამოძიება დაიწყოს.