მიტროპოლიტი ისაია - თუ სახელმწიფო არ ითხოვს მორწმუნეებისგან ქრისტეს უარყოფას, ჩვენი რწმენა გვავალებს კიდეც, რომ დავუჯეროთ მათ
თუ სახელმწიფო არ ითხოვს მორწმუნეებისგან უარყოფას ქრისტესი, ჩვენი რწმენა გვავალებს კიდეც, რომ დავუჯეროთ მათ, მით უმეტეს, დღევანდელ დროში, როდესაც არის განსაცდელი, – ამის შესახებ ნიქოზისა და ცხინვალის მიტროპოლიტმა, ისაიამ განაცხადა.
როგორც მიტროპოლიტმა აღნიშნა, აღდგომის ღვთისმსახურება ჩატარდება დილით.
„ჩვენ დიდი ხანი ვნატრობდით, გვქონოდა სახელმწიფო და ქვეყანა. საერთოდ ნათქვამია, ყოველი ხელმწიფება ღვთისაგან არისო. მაგრამ ჩვენ გვინდოდა, გვქონოდა დამოუკიდებელი ქვეყანა. 1990-იანი წლებიდან დაწყებული, ჩვენს მხრებზე გადაიარა ამ ამბებმა და ვეღირსეთ იმ ნანატრ დროს, როდესაც გვაქვს დამოუკიდებელი სახელმწიფო. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ გვყავს ჩვენი სახელმწიფო მეთაური. თუ სახელმწიფო არ ითხოვს მორწმუნეებისაგან უარყოფას ქრისტესი, რაღაცნაირად, ჩვენი რწმენა გვავალებს კიდეც, რომ დავუჯეროთ მათ. მით უმეტეს დღევანდელ დროში, როდესაც არის განსაცდელი, პანდემია ჰქვია ამას. რჩევები, რეგულაციები უნდა გაითვალისწინოს ადამიანმა და შეასრულოს. არ გამიგია მე სახელმწიფოს მხრიდან, რომ ტაძარში არავინ მისულიყო. ჩვენ ვიცავთ დისტანციას, გამოტანილი გვაქვს ხმის გამაძლიერებელი. თუკი ოდნავ მაინც მეტი იყო რაოდენობა ადამიანებისა, იდგნენ გარეთ. სააღდგომოდ ვფიქრობ, რადგან კომენდანტის საათია, ის არ უნდა დაირღვეს“, – განაცხადა მიტროპოლიტმა.
მისივე თქმით, კანონის წინაშე ყველა თანასწორია და ქრისტიანს ავალია, რომ წესიერებით შეასრულოს ეს დავალება, თუკი ეს არ ეწინააღმდეგება სარწმუნოებას და ღვთის უარყოფას.
„ქრისტიანები თავს დადებდნენ და სწირავდნენ კიდეც, მაგრამ აქ სხვა სურათია, ეს არის ზრუნვა ჩვენთვის და მოყვასისთვის, და ჩვენ ეს უნდა შევასრულოთ. საპატრიარქოს განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ დილითაც შეიძლება შევასრულოთ წირვა. ვფიქრობთ, რომ კომენდანტის საათის დროს არ შევასრულოთ ღვთისმსახურებაც და ჩავატაროთ დილით. ასეთი გვაქვს ჩვენ განზრახვა. პატრულის ხალხი არიან მოსული და ჩვენ გადავეცით მათ მადლობა, რომ სამსახურს ეწევიან და გვეხმარებიან წესრიგის დაცვაში. აქ მორიდებულობის დრო არ არის. ვინმე თუ ვერ აკეთებს, რაც საჭიროა, შეიძლება მივუთითოთ. რასაც ჩვენ ვერ ვაკეთებთ, მათ უნდა გამოასწორონ. თუ მონიშნული ადგილი არ არის ტაძარში ცარიელი, მაშინ ის გარეთ უნდა დადგეს. გარეთაც ჩანს, სად უნდა დადგნენ. სახელმწიფო მეთაურს რომ 24-საათიანი კომენდანტის საათი გამოეცხადებინა, მე მაგალითად, ვერ დავარღვევდი. ვერავის მოვუწოდებდი, მაგრამ იქ იყო ნათქვამი, რომ ეკლესიის კარი არ არის დაკეტილი და ადამიანებს არ ეკრძალებათ იქ მისვლა. უბრალოდ, უნდა დავიცვათ წესები, თუ არადა, უფრო მკაფიოდ უნდა ითქვას. განსხვავებული დამოკიდებულებაა საზოგადოებაში ამ საკითხების მიმართ, როგორც ხალხში, ისე მრევლშიც, თავად სასულიერო პირებშიც, მღვდელმთავრებშიც და სახელმწიფო სამსახურებშიც. ვინმეს რომ ჰკითხოთ, კორონავირუსი შეგეყაროსო, არავინ იტყვის, მინდაო. იქნებ, ასეთიც იყოს ვინმე. შენ მარტო საკუთარ თავზე არ ხარ პასუხისმგებელი. შენ პასუხისმგებლობა გაქვს სხვასთან მიმართებაშიც. შენ გაქვს რწმენა, რომ არაფერი შეგეყაროს, მაგრამ სხვა ადამიანები არ არიან მშვიდად. მართლაც შეიძლება მოხდეს ასე. ზიარება არის საკურნებლად, მაგრამ ჩვენ ვლოცულობთ ხოლმე ზიარების წინ“, – განაცხადა მიტროპოლიტმა.