მიტროპოლიტი თეოდორე - მსოფლიოს მთავარი გამოწვევაა, თითოეულმა ადამიანმა თავის ადგილზე შეუწყოს ხელი რელიგიების მშვიდობიან თანაცხოვრებას
დღეს დიდი ბრიტანეთის საელჩოში ინტერრელიგიური ჯგუფის ვაშინგტონში ვიზიტი შეაფასეს და სამომავლო თანამშრომლობის საკითხებზე იმსჯელეს, – ამის შესახებ ინფორმაციას ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს.
მრგვალი მაგიდის ფორმატში გამართულ შეხვედრას დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და ის რელიგიური ლიდერები ესწრებოდნენ, რომლებიც უშუალოდ იმყოფებოდნენ ამერიკის შეერთებულ შტატებში.
როგორც შეხვედრის შემდეგ ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსმა თეოდორემ განაცხადა, დღეს მსოფლიოს მთავარი გამოწვევაა, თითოეულმა ადამიანმა თავის ადგილზე შეუწყოს ხელი რელიგიების მშვიოდბიან თანაცხოვრებას.
„დღეს მსოფლიოში მთავარი გამოწვევაა, რომ ყველა ადამიანმა თავის ადგილზე ხელი შეუწყოს რელიგიების მშვიდობიან თანაცხოვრებას. ეს არის, რა თქმა უნდა, თავად რელიგიების საქმე, რელიგიური ლიდერების საქმე, ეს უნდა იყოს მთავრობების საქმე, ეს უნდა იყოს არასამთავრობო ორგანიზაციების საქმე და ეს უნდა იყოს, რაც მთავარია მედიის საქმე, რომ მათ შეძლონ, ხელი შეუწყონ ადამიანების არამხოლოდ რელიგიურ, არამედ სხვადასხვა ეთნოსების, უმცირესობების, სხვადასხვა უმრავლესობების მშვიდობიან თანაცხოვრებას და მე ვფიქრობ, CDD-მა შეძლო“, – განაცხადა ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, პროექტის მონაწილეების საპატივცემულოდ მიღება გაიმართა, რომელსაც სამთავრობო და არასამთავრობო სექტორისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ღონისძიებას ბრიტანეთის ელჩმა საქართველოში – ჯასტინ მაკენზი სმიტმა უმასპინძლა.
აღნიშნული პროექტის ფარგლებში, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის, მუსლიმთა თემის, ამიერკავკასიის ლათინური წესის კათოლიკეთა სამოციქულო ეკლესიისა და სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმიდა ეკლესიის საქართველოს ეპარქიის ლიდერებს შესაძლებლობა მიეცათ, სასწავლო ვიზიტის ფარგლებში, ემოგზაურათ აშშ-ში (2017 წლის ნოემბერში), შეხვედროდნენ პოლიტიკური, აკადემიური, დიპლომატიური წრეებისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს. მონაწილეობა მიეღოთ საერთაშორისო ინტერრელიგიურ კონფერენციაში “დემოკრატია და რელიგია”.
პროექტი განხორციელდა CDD-ს მიერ, ბრიტანეთის საელჩოსა და კარგი მმართველობის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის მხარდამჭერები იყვნენ: აშშ-ს საელჩო საქართველოში, ეროვნული წვლილი დემოკრატიაში (NED), აშშ-ში საქართველოს საელჩო, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო და ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი.