მიტროპოლიტი თეოდორე ახალციხეში საშობაო ღვთისმსახურებას წმინდა მარინეს სახელობის ტაძარში ჩაატარებს
ქრისტეშობის დღესასწაულს ზეიმობენ სამცხე–ჯავახეთში. საზეიმო ღვთისმსახურება ყველა მოქმედ ეკლესია-მონასტერში ღამისთევით ჩატარდება. საღმრთო ლიტურგია ტაძრებში 23:00 საათზე დაიწყება. ღამისთევის მსახურებას ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე ახალციხეში, წმინდა მარინეს სახელობის ტაძარში აღავლენს.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, მორწმუნეები შუაღამეს სარკმელთან სანთელს ანთებენ. შობის დღესასწაულს წინ 40–დღიანი მარხვა უძღვის. ხვალიდან მარხვა ხსნილია და მორწმუნეებს ყველანაირი საკვების მიღება შეეძლებათ. ახალციხეში ხვალ ალილო მოეწყობა. მსვლელობა 12:00 საათზე, თამარ მეფის ძეგლის მიმდებარე ტერიტორიიდან დაიწყება. ალილოს მონაწილეები ქალაქის ცენტრალურ ქუჩებს მოივლიან, ხოლო გზაზე ხატებსა და სანთლებს დაარიგებენ. მსვლელობის დროს, ალილოს მონაწილეები ტკბილეულს, პროდუქტს, ტანსაცმელს შეაგროვებენ და ნინოწმინდის ბავშვთა სახლში მიიტანენ.