მიტროპოლიტი სტეფანე კალაიჯიშვილი - არავინ გამიყვანია, არავინ გამიგდია, პოლიციისა და ჩოხოსნების მხრიდან არ ყოფილა ძალადობა
მიტროპოლიტი სტეფანე კალაიჯიშვილი - არავინ გამიყვანია, არავინ გამიგდია, პოლიციისა და ჩოხოსნების მხრიდან არ ყოფილა ძალადობა

პოლიციისა და ჩოხოსნების მხრიდან არ ყოფილა ძალადობა, – განაცხადა ჭყონდიდის ეპარქიის მმართველმა, მიტროპოლიტმა სტეფანემ (კალაიჯიშვილი) ჟურნალისტებთან საუბრისას.

მიტროპოლიტმა დღეს სალხინოს მამათა მონასტრის ტერიტორიაზე მომხდარ ფაქტზე ისაუბრა.

„დღეს გვქონდა წირვა, ვიყავი წირვაზე, არავინ გამიყვანია, არავინ გამიგდია, არაფერი გამიკეთებია, რასაც თქვენ ამბობთ. ჩავატარე წირვა. ეს ადამიანები იყვნენ რამდენიმეგზის გაფრთხილებული, შემდეგ გარკვეულ სასჯელდადებული. ბოლოს თავდასხმა მომიწყვეს სკოლაში და ყველანაირ ზღვარს გადავიდნენ, მომიწია განჩინების გამოქვეყნება, რომელიც გულისხმობდა მათ დაყვანას ერისკაცობამდე და გაყვანას ჭყონდიდის ეპარქიიდან. საერო პირებად სადაც უნდათ, იქ იცხოვრონ, ჩვენ არანაირი პრობლემა არ გვაქვს. არანაირი ძალადობრივი მოქმედება არ ყოფილა არავისგან, ვინც იყო აქ – არც პოლიციის, არც ჩოხოსნების, ძალადობა იყო ზუსტადაც მათი მხრიდან, ეს დაფიქსირებულია კადრებში.

როდესაც ვატარებდი წირვას, საპატრიარქომ წარმოგზავნა თავისი წარმომადგენელი, რომელმაც მათგან მოითხოვა საპატრიარქოს წერილის შესრულება, რომელშიც ეწერა, რომ უცხო პირებმა დატოვონ ტერიტორია, ის მონასტერი, რომელიც მათ არ ეკუთვნით და იმ ქონებით სარგებლობა, რომელიც მონასტერს ეკუთვნის. მიეცათ ვადა 4 ნოემბრამდე. ისინი გამოვიდნენ კელიებიდან და შეტევა განახორციელეს მასზე, შემდეგ ოპერატორზე, რომელსაც დაუმტვრიეს კამერა, გადაუგდეს. როდესაც საპატრიარქოს რწმუნებულმა გააცნო თავისი უფლებამოსილება, დაუწყეს გინება, ლანძღვა და ყველა თავს ესხმოდა მას, ცდილობდნენ მდგომარეობიდან გამოეყვანათ. ესენი ყველა გამოსული იყვნენ კელიებიდან და წარმომადგენელმა უთხრა იქ მყოფ ჩოხოსნებს, რომ ეს კელიები შეეძლოთ დაეკავებინათ, რადგან ასეთია ლოცვა-კურთხევა ჩემი და საპატრიარქოსი. მათ დაიკავეს ეს კელიები და იქ შესვლა აუკრძალეს უცხო პირებს“, – განაცხადა მიტროპოლიტმა.

მარტვილისა და ჭყონდიდის ეპარქიის სალხინოს მამათა მონასტრის ტერიტორიაზე დაპირისპირება და ხმაური დილიდან დაიწყო.

როგორც ბალდის მონასტრის განკვეთილმა, მამა ათინოგენემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა, სალხინოს მამათა მონასტრის განკვეთილმა მღვდელმსახურებმა საპატრიარქოდან მიიღეს წერილი, რომ 4 ნოემბრამდე უნდა დაეტოვებინათ მონასტერი, თუმცა აღნიშნულზე უარი განაცხადეს.

საუბარია 15-მდე სასულიერო პირზე, რომლებიც მარტვილისა და ჭყონდიდის მიტროპოლიტმა, სტეფანე კალაიჯიშვილმა, თანამდებობებიდან მარტი-აპრილის თვეში გადააყენა, სექტემბერში კი, სრულად განკვეთა ეკლესიიდან.