მიტროპოლიტი შიო - ღმერთმა ინებოს, სულიერად გაძლიერებული შევხვდეთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს
ღმერთმა ინებოს, სულიერად გაძლიერებული შევხვდეთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს, – აღნიშნა საქართველოს პატრიარქის მოსაყდრემ, მიტროპოლიტმა შიომ, რომელმაც სამების ტაძარში ბზობის დღესასწაულთან დაკავშირებით წირვა აღავლინა.
მან ტაძარში შეკრებილებს პატრიარქის მილოცვა გადასცა და დალოცა ჯგუფი, რომელმაც იერუსალიმიდან წმინდა ცეცხლი უნდა ჩამოაბრძანოს.
„დღეს არის უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს დიდებით შესვლა იერუსალიმში. გადმოგცემთ მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის მოლოცვას და ლოცვა-კურთხევას, შეგეწიოთ მისი მადლი.
ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ. უფალმა ინებოს, რომ ჩვენს გულში შემოვიდეს ქრისტე, რომ ჩვენ გავითავისოთ ის, რაც უფალს უნდა, რადგან ხშირად ჩვენ ჩვენს მიერ დამახინჯებული სახარება გვაქვს და იმითი ვცხოვრობთ.
ღმერთმა ინებოს, რომ ეს კვირა ჩვენთვის ყოფილიყოს შინაარსიანი, მადლიანი, რომ სულიერად გაძლიერებული შევხვდეთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს.
მინდა, დავლოცო ჯგუფი, რომელიც მიემგზავრება იერუსალიმში, რომ წმინდა ცეცხლი ჩამოაბრძანოს საქართველოში“, – აღნიშნა მიტროპოლიტმა შიომ.