მეუფე შიო მუჯირი - მიზნად დავისახოთ, რომ შევუდგეთ ქრისტეს, ვიაროთ იმ ვიწრო გზით, რომელიც მიმყვანებელია სასუფეველში, რათა დავემკვიდროთ იქ, სადაც ბრწყინავს ნათელი ყოვლადწმინდისა სამებისა
მეუფე შიო მუჯირი - მიზნად დავისახოთ, რომ შევუდგეთ ქრისტეს, ვიაროთ იმ ვიწრო გზით, რომელიც მიმყვანებელია სასუფეველში, რათა დავემკვიდროთ იქ, სადაც ბრწყინავს ნათელი ყოვლადწმინდისა სამებისა

მიზნად დავისახოთ, რომ შევუდგეთ ქრისტეს, ვიაროთ იმ ვიწრო გზით, რომელიც მიმყვანებელია სასუფეველში, რათა დავემკვიდროთ იქ, სადაც ბრწყინავს მიუაჩრდილებელი დიდება და ნათელი ყოვლადწმინდისა სამებისა, – ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) ბზობის დღესასწაულზე სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას აღნიშნა.

„ქრისტეს მიერ საყვარელნო მამანო, ძმანო და დანო, გილოცავთ დღევანდელ დიდებულ დღესასწაულს, დღეს არის უფალი იესო ქრისტეს დიდებით შესვლა იერუსალიმში.

გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევას.

ეს დღე იყო ერთ-ერთი ყველაზე საზეიმო დღე უფალ იესო ქრისტეს მიწიერ ცხოვრებაში. მთელი იერუსალიმი შეიძრა, როდესაც შეიტყო ოთხი დღის მკვდარი ლაზარეს მკვდრეთით აღდგინების შესახებ და განიზრახეს, საზეიმოდ შეხვედროდნენ იერუსალიმში შემავალ იესო ქრისტეს.

მართლაც, როდესაც უფალი იესო ქრისტე შედის ქალაქში, მას ეგებებიან პალმის რტოებით ხელში და ფერხთით უგებენ თავიანთ შესამოსელს. ჩვენ რომ გავიგოთ ამ სიმბოლური მოქმედების მნიშვნელობა, უნდა გავიხსენოთ, რომ ძველ აღმოსავლეთში შესამოსელი ნიშნავდა გარკვეულ სულიერ მდგომარეობას. ამიტომ როდესაც შესამოსელს ვინმეს ფერხთით უგებდნენ, ეს იყო ნიშანი განსაკუთრებული მოწიწებისა, პატივისცემისა, სიყვარულისა. აი, ასე შედის უფალი ქალაქში.

თითქოს სიხარულით სავსე უნდა ყოფილიყოს მისი გული, მაგრამ სახარება გვაუწყებს, რომ როდესაც გამოჩნდა ქალაქი, უფალი ატირდა ამ სიხარულის ნაცვლად და მტირალი შედის იერუსალიმში, იმიტომ რომ მან, როგორც ყოვლისმცოდნემ, უწყის – იგივე ხალხი, იგივე ერი, რომელიც დღეს გალობს და გაიძახის – „ოსანა დავითის ძეს, კურთხეულ არს მომავალი მეუფე უფლის სახელით, მშვიდობა ცათა შინა და დიდება მაღალთა შინა – აი, ასეთი შეძახილებით ხვდებოდნენ და ზუსტად ხუთიოდე დღეში იგივე ერი იყვირებს პილატეს წინაშე: „ჯვარს აცვი, ჯვარს აცვი ეგე!“ უფალი სულიერად განჭვრეტს იმ საშინელ სასჯელს, რომელიც ელოდება იერუსალიმს და ისრაელის ერს იმისთვის, რომ მან არ მიიღო ქრისტე. რა საზარელი დღეები ელოდება მას იმპერატორ ვესპასიანეს ჟამს, როდესაც მხედართმთავარი ტიტუსი გაანადგურებს ქალაქს.

და, აი, უფალი იესო ქრისტე ასეთ სიტყვებს წარმოთქვამს, ვიმეორებ, მტირალი როდესაც შედის იერუსალიმში: „ნეტავი ახლა მაინც გცოდნოდა, რა მოგანიჭებს მშვიდობას, მაგრამ ამჟამად დაფარულია ეს შენს თვალთაგან, ვინაიდან ვერ შეიცანი ჟამი შენი მოხილვისა“, – ბრძანებს უფალი იესო ქრისტე, როცა მიმართავს იერუსალიმს. ამავე დროს იგი ამბობს: „და ამიტომ, მოვლენ დღენი, როდესაც მტერი ალყაში მოგაქცევს, მუსრს გაავლებს შენს შვილებს, ქვას ქვაზე არ დატოვებს შენში, ვინაიდან ვერ შეიცანი შენი მოხილვის ჟამი“.

აი, ეს სიტყვები კარგად უნდა გვახსოვდეს ჩვენ, ძვირფასო ძმებო და დებო, ვინაიდან უფალმა ეს უთხრა არა მხოლოდ იერუსალიმს და იქ შეკრებილ ხალხს, არამედ ყოველ ჩვენგანს. „ახლა მაინც გცოდნოდა, რა მოგანიჭებს მშვიდობას”, იმიტომ რომ ეს ჟამი უფლის მოხილვისა, როცა ჩვენ გვესტუმრება უფალი თავის სულიწმიდის მადლით, განა ცოტაა ჩვენს ცხოვრებაში ასეთი დღეები თუ წუთები, როდესაც ჩვენ, მიუხედავად ამისა, ვერ ვაცნობიერებთ იმას, რომ ეს არის ჩვენი გადარჩენისა და ჩვენი მშვიდობისთვის.

მრავალნაირად მოდის სულიწმიდის მადლი ადამიანთან. ეს შეიძლება იყოს დიდი ნუგეშისა და დიდი სიხარულის სახით, მაგრამ როდესაც უფალს უნდა, შეგვაჩეროს ჩვენს მრუდე, არასწორ გზებზე და ჩვენ არ შევისმენთ, არ გულისხმავყოფთ ამ ნუგეშის სახით მის მოსვლას, შეიძლება მოიხილოს უფალმან ჩვენზე სხვადასხვა განსაცდელის სახით: შეიძლება ეს იყოს მძიმე სენი, შეიძლება ეს იყოს ახლობლების დაკარგვა, შეიძლება ეს იყოს დამდაბლება და შეურაცხყოფა და ა.შ. ჩვენ, სამწუხაროდ, იმის მაგივრად, მივხვდეთ, რომ ეს ღვთისგან არის ჩვენი მშვიდობისა და გადარჩენისთვის, ვდრტვინავთ და უარვყოფთ ღმერთს, როგორც იმ ხალხმა უარყო მესია, უფალი ჩვენი იესო ქრისტე.

აი, დავიხსომოთ ეს სიტყვები: „ნეტავ ახლა მაინც გცოდნოდა შენი მოხილვის ჟამი“ და მიზნად დავისახოთ, რომ შევუდგეთ ქრისტეს, ვინაიდან მან თავად ბრძანა: „ვინც მე მემსახურება, მევე შემომიდგეს, სადაც მე ვიქნები, ჩემი მსახურიც იქ იქნება“.

გილოცავთ, ძვირფასო ძმებო და დებო, დღევანდელ დღეს, ღმერთმა გაგახაროთ, გაგაძლიეროთ, დაგლოცოთ და ამრიგად შევუდგეთ ჩვენ ქრისტეს, ვიაროთ იმ ვიწრო გზით, რომელიც მიმყვანებელია სასუფეველში, რომ დავემკვიდროთ იქ, სადაც ბრწყინავს მიუაჩრდილებელი დიდება და ნათელი ყოვლადწმინდისა სამებისა, მამისა და ძისა და სულისა წმინდისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ!

როგორც იცით, დღეს არის 9 აპრილი. ჩვენ ახლა გადავიხდით პანაშვიდს 9 აპრილს სამშობლოსთვის თავდადებული ჩვენი ძმების და დების სულთა მოსახსენიებლად, ვილოცებთ მათი სულების ცხონებისა და ჩვენი სამშობლოს გადარჩენისთვის, დამოუკიდებლობისა და გამთლიანებისთვის, ამინ!

დღევანდელ დღესასწაულთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II აჯილდოებს შემდეგ სასულიერო პირებს: მღვდელი პიმენ ბანძელაძე ჯილდოვდება ოქროს ჯვრის ტარების უფლებით და აღყვანილია დეკანოზის ხარისხში, აქსიოს! მღვდელი ალექსანდრე დავითაშვილი ჯილდოვდება ოქროს ჯვრის ტარების უფლებით და აღყვანილია დეკანოზის ხარისხში, აქსიოს! მღვდელი დავით მექვაბიშვილი ჯილდოვდება ოქროს ჯვრის ტარების უფლებით და აღყვანილია დეკანოზის ხარისხში, აქსიოს! მღვდელი ანდრია ბეროშვილი ჯილდოვდება ოქროს ჯვრის ტარების უფლებით და აღყვანილია დეკანოზის ხარისხში, აქსიოს!“ – აღნიშნა მეუფე შიო მუჯირმა სამების საკათედრო ტაძარში.