მიტროპოლიტი ისაია - ძნელია თქმა, რომ ვინც ეზიარება, კორონავირუსი არ შეეყრება, შიშები არის ადამიანებში, ეს შიშები უსაფუძვლო არც არის
ძნელია თქმა, რომ ვინც ეზიარება, კორონავირუსი არ შეეყრება, შიშები არის ადამიანებში, მრევლშიც შეიძლება იყოს შიში, ჩვენ ყველას შიშებს და წუხილს გაგებით უნდა მოვეკიდოთ და არ უგულებელყოფდეთ, მითუმეტეს, ეს შიშები უსაფუძვლო არც არის, – ამის შესახებ ნიქოზისა და ცხინვალის მიტროპოლიტმა ისაიამ განაცხადა.
როგორც მიტროპოლიტმა აღნიშნა, ზიარება, თუ ამას რწმენით არ აკეთებ, არ არის დიდი გარანტია.
„დღეს წავიკითხეთ სახარებაში, რომ იუდა ისკარიოტელი, რომელიც თითქოს გლახაკებისთვის ძალიან წუხდა, ერთის მხრივ, ამას ამბობს და მეორე მხრივ, გარბის, რომ იესოს მტრებს ჩაუგდოს ხელში. დიდ ხუთშაბათს, როცა მაცხოვარმა ზიარების საიდუმლო დააწესა, იუდაც იყო მოწაფეებს შორის, რომელიც ეზიარა. მაცხოვარი ცდილობს, რომ ბოლომდე იუდას შეაგოს. სწორედ ზიარების მერე გარბის იუდა ისკარიოტელი და მოჰყავს მაცხოვრის მტრები. ასე რომ თვითონ ზიარება, თუ ამას რწმენით არ აკეთებ, არ არის დიდი გარანტია. ზიარებით კი უნდა ეზიაროს ქრისტიანი, მაგრამ არის ასეთი მაგალითები. მაგალითად, მარიამ ეგვიპტელი მხოლოდ ერთხელ ეზიარა მის ცხოვრებაში და უდიდესი წმინდაი არის. დიდმარხვაში ერთი კვირა მას ეძღვნება მთლიანად. ჩვენ ქრისტიანენი უნდა ვეზიარებოდეთ, ვემზადებოდეთ და ვეზიარებოდეთ, მაგრამ ძნელია ამის თქმა, რომ ვინც ეზიარება კორონავირუსი არ შეეყრება. შიშები არის ადამიანებში, მრევლშიც შეიძლება იყოს შიში. ჩვენ ყველას შიშებს და წუხილს გაგებით უნდა მოვეკიდოთ და არ უგულებელყოფდეთ, მითუმეტეს რომ ეს შიშები უსაფუძვლო არც არის“, – განაცხადა მიტროპოლიტმა.
რაც შეეხება ერთი კოვზით ზიარებას, მიტროპოლიტი აღნიშნავს: „ერთი კოვზით ზიარებასთან დაკავშირებით საერთო საეკლესიო კრების მიერ თუ არ იქნა ეს გადაწყვეტილება მიღებული, ასე ცალკეული ჩვენ ვერ მივიღებთ. ვფიქრობდი, უცხოეთიდან თუ გადმოგვყავს ადამიანი და ვამყოფებთ იზოლაციაში გარშემომყოფებიც რომ მშვიდად იყვნენ, ადამიანებმა, ვინც ეზიარება ორი კვირა თვით იზოლაციაში ამყოფონ თავისი თავი. ღირს ეს ზიარებად. ვიდრე ეზიარება ადამიანი, ემზადება ამისთვის და მადლობის ლოცვასაც ვამბობთ ხოლმე და იქნებ ასეთი განმარტოვების დრო უფრო სასარგებლო იყოს მორწმუნე ქრისტიანისთვის. ვფიქრობდი, ამ მხრივ იქნებ უფრო გონივრული იყოს ეს. თუ არის საფრთხე ადამიანი თავს დაიზღვევდა და სხვებიც იქნებოდნენ მშვიდად. რომ არ იყოს წინააღმდეგობა და ჭიდილი ერთმანეთთან“, – აღნიშნა მიტროპოლიტმა.