მიშა ანდღულაძე - ოლიგარქმა არ შეიძლება, გადაცემების დახურვის მიზეზად უფულობა დაასახელოს, „ფორმულაზე“ გასართობი გადაცემები იმის გამო დაიხურა, რომ „სოლოლაკი ვერ ავიღეთ“
ჩვენ როდესაც გადავედით „ფორმულაზე“, გავიდა ერთი-ორი წელი და ერთ დღესაც გვეუბნებიან, რომ ყველა გადაცემა, რომელსაც ვაკეთებდით – დაახლოებით ხუთ გადაცემას ვაკეთებდით – ყველა ერთად დაიხურა, – ამის შესახებ იუმორისტმა მიშა ანდღულაძემ გიორგი ვარდოსანიძის პოდკასტში ისაუბრა.
ანდღულაძის განცხადებით, „ფორმულაზე“ გასართობი გადაცემების დახურვა ფულს არ უკავშირდებოდა, ვინაიდან შეუძლებელია, ოლიგარქმა მიზეზად თანხების არარსებობა მოიყვანოს.
მისივე თქმით, გადაცემები იმის გამო დაიხურა, რომ მათ ვერ შეძლეს „სოლოლაკის აღება“.
„ოლიგარქმა, არ შეიძლება, მიზეზად უფულობა დაასახელოს. მიზეზი იმდენად აბსურდული იყო, რომ მირჩევნია, არ ვთქვა. ვერ დავიჯერეთ, რომ ამდენ გადაცემას აკეთებ და ასეთი მიზეზით უცებ გიხურავენ, გაჭრიან. ისიც არ იყო, რომ რეიტინგი არ აქვს, მიზეზი იყო, კონკრეტულად, სოლოლაკი რომ ვერ „ავიღეთ“. მე არც ვიცოდი, რომ თურმე სხვა მისია მქონია. მე როგორც კომედიანტი, ისე მივედი და თურმე აბსოლუტურად სხვა მისია მქონია, უდიდესი. ლამის მთელი დასავლეთი იყო ჩართული, მგონი, ამ ამბავში და ვერ აღმოვჩნდით ჩვენ ის ხალხი, სუსტები აღმოვჩნდით“, – განაცხადა მიშა ანდღულაძემ.