მიროსლავ ლაიჩაკი - შესაძლოა, საქართველოში არის განცდა, რომ მეტი უნდა გაკეთდეს, მაგრამ ევროკავშირი თანმიმდევრულია
მიროსლავ ლაიჩაკი - შესაძლოა, საქართველოში არის განცდა, რომ მეტი უნდა გაკეთდეს, მაგრამ ევროკავშირი თანმიმდევრულია

საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ „ოდირის“ მთავარი რეკომენდაცია საარჩევნო კანონმდებლობის გადახედვა იყო და ვიცი, რომ ქვეყანაში დისკუსიები უკვე დაიწყო, – ამის შესახებ სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიროსლავ ლაიჩაკმა თბილისში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციაზე განაცხადა.

მიროსლავ ლაიჩაკის თქმით, ეუთო/ოდირის რეკომენდაციებში უფრო მცირე პრობლემებზე იყო საუბარი და საარჩევნო პროცესის ლეგიტიმურობის საკითხი არ დამდგარა.

სლოვაკეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის განცხადებით, სასურველი იქნება, თუ საქართველოს მთავრობა „ოდირის“ დასკვნებს გამოიყენებს.

„მინდა, სიხარულით ვთქვა, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვს ქვეყანას შორის, საქართველო ლიდერია და ყველაფერს მიაღწია, რაც აღმოსავლეთ პარტნიორობის მიერ იყო შეთავაზებული. აღმოსავლეთ პარტნიორობასთან დაკავშირებით ევროკავშირში კონსტრუქციული დიალოგი გრძელდება და ვცდილობთ, იდენტიფიცირება მოვახდინოთ, თუ რა სივრცეა უკვე მიღებულ შეთავაზებებსა და წევრობას შორის. არის ბევრი შესაძლებლობა, მათ შორის ევროკავშირის კონკრეტულ პროგრამებში მონაწილეობა. ევროკავშირი ამ მიმართულებით ერთიანია და სურს თანამშრომლობის გაგრძელება აღმოსავლეთ პარტნიორებთან. პროცესის სიჩქარე და მთელი პოლიტიკის საბოლოო შედეგი ჩვენი აღმოსავლეთ პარტნიორების ხელშია. ევროკავშირი მოწინავე პოზიციებზეა საქართველოს პრობლემების დაძლევის მიმართულებით. შესაძლოა, საქართველოში არის განცდა, რომ მეტი უნდა გაკეთდეს, მაგრამ აღსანიშნავია, რომ ევროკავშირი თანმიმდევრულია“ – აღნიშნა ლაიჩაკმა.

სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, არამხოლოდ ევროკავშირის პოტენციური წევრებისთვის, არამედ ახლანდელი წევრებისთვისაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კანონის უზენაესობა და კორუფცია, რადგან ევროკავშირი დარწმუნებული უნდა იყოს, რომ სამომავლოდ ევროპულ პროექტს პრობლემები არ შეექმნება.