მირიან წიკლაური - ფარმაცევტული კომპანიები ერთმანეთთან შეთანხმებით მოსახლეობის ჯიბეებს აცარიელებენ
პარლამენტის წევრის, მირიან წიკლაურის განცხადებით, ფარმაცევტული კომპანიები ერთმანეთთან შეთანხმებით მოსახლეობის ჯიბეებს აცარიელებენ.
დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე წიკლაურმა მედიკამენტების ფასებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ფასების რეგულაციაში სახელმწიფო უნდა ჩაერიოს.
„ეს საჭირბოროტო თემაა. მედიკამენტი საზოგადოების არცთუ დალხენილ ნაწილს სჭირდება. ისედაც შეჭირვებულები არიან და დაავადებების გამო, გარკვეულ სტრესს განიცდიან. კვლევით აღმოჩნდა, რომ საქართველოში მედიკამენტებზე ფასები მნიშვნელოვნად მეტია, ვიდრე ჩვენს მეზობელ ქვეყნებში. მეგონა, ორჯერ-სამჯერ ძვირი იქნებოდა, თურმე ექვსჯერ, 10-ჯერ ძვირია ჩვენთან შედარებით. მათ შორის ისეთი მედიკამენტები, რომლებიც თითქმის ყოველდღიურ მოხმარებაშია. ეს მედიკამენტები ყოველწლიურად ტონობით იყიდება და შემოსავალი გიგანტურ თანხებს აღწევს. გასავალი მოსახლეობის ჯიბიდან და შემოსავალია ფარმაცევტული კომპანიების, რომლებიც აღარაფერს ერიდებიან და ერთმანეთთან ღიად არიან კავშირში. ასორტიმენტი და ფასი ერთნაირი აქვთ, ამითაც არ დაკმაყოფილდნენ და ფასდაკლების დღეებიც კი ერთნაირი აქვთ. ერთმანეთთან შეთანხმებით აღმოჩნდა, რომ მოსახლეობის ჯიბეებს აცარიელებენ.
თავიდან ვფიქრობდი, რომ წმინდა წყლის კორექციის საშუალებით მოგვეხდინა ფასების კორექცია, მსხვილი კომპანიები თუ შემოვიდოდნენ ბაზარზე და იაფად გაყიდდა მედიკამენტს, მაგრამ სამწუხაროდ, ასეთი კომპანიები არ აღმოჩნდნენ, ან შემოდიოდნენ და გადიოდნენ, რამაც შედეგი არ მოგვცა. დროა, ვიფიქროთ, რომ სახელმწიფო უნდა ჩაერიოს ფასების რეგულაციაში“, – განაცხადა წიკლაურმა.
დეპუტატი მირიან წიკლაური „ქართული დასის“ ლიდერ ჯონდი ბაღათურიასთან ერთად პარლამენტს საკანონმდებლო წინადადებით მიმართავს, რომელიც მედიკამენტების ფასებს ეხება.