მირიან ქათამაძე - გუშინ გარდაცვლილი პაციენტის მდგომარეობა იყო გამოკვეთილად მძიმე, მინდა, მივუსამძიმრო ოჯახს
ქობულეთის მერის, მირიან ქათამაძის განცხადებით, გუშინ კორონავირუსით გარდაცვლილი ქალის მდგომარეობა გამოკვეთილად მძიმე იყო.
ქობულეთის მერმა გარდაცვლილის ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა.
„დაახლოებით მესამე დღეა, არ ფიქსირდება ინფიცირების ახალი შემთხვევები, რომლებიც უკავშირდება ქობულეთის კლასტერს და აჭარის რეგიონს. ერთი მხრივ, ეს არის გარკვეული პოზიტიური სიახლე. სამწუხარო ფაქტი იყო, რომ გვყავს ერთი გარდაცვლილი, რომელიც უკავშირდება ქობულეთის კლასტერს. ამაზე შესაბამისი განცხადება გააკეთა ჯანდაცვის სამინისტრომ და კლინიკამაც. ქალბატონი იყო გამოკვეთილი ჩივილებით და ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ ამ პაციენტის მდგომარეობა, როგორც ექიმები ადასტურებდნენ, იყო გამოკვეთილად მძიმე. მინდა, მივუსამძიმრო ოჯახის წევრებს“, – განაცხადა მირიან ქათამაძემ.
ქობულეთის მერმა მოქალაქეებს რეკომენდაციების განუხრელად შესრულებისკენ მოუწოდა.
„მინდა, ყველას მოვუწოდო, რომ მნიშვნელოვანი თუ უმნიშვნელო რეკომენდაციის განუხრელად და გამონაკლისის გარეშე შესრულებას აქვს უაღრესად დიდი მნიშვნელობა, რადგან გადავდივართ ძალიან მნიშვნელოვან პერიოდში, ამ ინფექციის გავრცელების პიკურ პერიოდში და შესაბამისად, ყველა თავშეკავებას და რეკომენდაციების შესრულებას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა“, – აღნიშნა მირიან ქათამაძემ.
საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალების მეოთხე ფაქტი გუშინ დაფიქსირდა. პაციენტი ბათუმის „მედალფაში“ გარდაიცვალა. მას თანმხლები დაავადებები აღენიშნებოდა.