მირდატ ქამადაძე - მივმართავთ საერთაშორისო ორგანიზაციებს, დიპლომატებს, სახალხო დამცველს, რომ ქვეყანაში არ არსებობს დემოკრატია, საუბარიც არ შეიძლება გამოხატვის თავისუფლებაზე
მირდატ ქამადაძე - მივმართავთ საერთაშორისო ორგანიზაციებს, დიპლომატებს, სახალხო დამცველს, რომ ქვეყანაში არ არსებობს დემოკრატია, საუბარიც არ შეიძლება გამოხატვის თავისუფლებაზე

ბათუმში, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე გუშინ გვიან ღამით დაკავებული პირების თაობაზე დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში საგანგებო ბრიფინგი გაიმართა.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ამბობენ, რომ 22-ივე დაკავებული იზოლატორში რჩება და მათ შესახებ სრულყოფილ ინფორმაციას არ ფლობენ.

„დაკავებულია ბათუმის საკრებულოს „ნაციონალური მოძრაობის“ თითქმის ყველა და უმაღლესი საბჭოს სამი დეპუტატი. პოლიციამ დაარბია მშვიდობიანი მოქალაქეები, რათა პროტესტი არ ყოფილიყო განგრძობადი. მივმართავთ საერთაშორისო ორგანიზაციებს, დიპლომატებს, სახალხო დამცველის აპარატს, რათა დავუფიქსიროთ, რომ ამ ქვეყანაში არ არსებობს დემოკრატია, გაფორმდა დიქტატურა და საუბარიც კი არ შეიძლება გამოხატვის თავისუფლებაზე“, – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა მირდატ ქამადაძემ.

ამასთან, „ნაციონალურ მოძრაობაში“ აცხადებენ, რომ პროტესტი არ შეწყდება მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებამდე და თუ რა ფორმით გააგრძელებენ აქციებს, ამის შესახებ უახლოეს პერიოდში გამოაცხადებენ.

აჭარის მთავრობის სახლის წინ კარვები „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა გუშინ გაშალეს. მათი განცხადებით, კარვებში დარჩებოდნენ, ვიდრე მიხეილ სააკაშვილს სამკურნალოდ საზღვარგარეთ არ გადაიყვანდნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმში, აქციაზე გვიან ღამით სამართალდამცველებმა 22 პირი დააკავეს. ყველა მათგანი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრია.