მინსკის ევროპული თამაშების თილისმა პატარა უფლისწულის მეგობარი მელიაა [ვიდეო]

ნებისმიერი მასშტაბური სპორტული ფორუმის განუყოფელი ნაწილია თილისმა. ის პირდაპირ ასოციაციას იწვევს კონკრეტულ ღონისძიებასთან მრავალი წლის შემდეგაც კი. ამიტომ თილისმა დასამახსოვრებელი უნდა იყოს, უნდა ჰქონდეს შინაარსი და საინტერესო ისტორია. სწორედ ეს ფაქტორები გაითვალისწინეს მინსკის ევროპული თამაშების მასკოტის შემქმნელებმა.

მელია სახელად ლესიკი 2019 წლის ევროპული თამაშების ერთ-ერთი მთავარი სიმბოლოა. ლეგენდა მასზე გულგრილს არავის დატოვებს. როგორც ირკვევა, ლესიკი სწორედ ის მელიაა, რომელიც ანტუან დე სენტ-ეგზიუპერის ყველაზე ცნობილ ნაწარმოებში გვხვდება და პატარა უფლისწულს ნამდვილ მეგობრობას ასწავლის. მას შემდეგ, რაც უფლისწული თავის ვარდთან გაფრინდება, მელია მარტო რჩება და იწყენს. მისი ოცნებაა, რაც შეიძლება მეტი მეგობარი შეიძინოს. ერთხელაც ლესიკი მოისმენს ამბავს ყვავილზე, რომელიც ბელარუსში იზრდება და ყველა სურვილს ასრულებს. მელია ბელარუსში გაემგზავრება იმისთვის, რომ ოცნება აიხდინოს. გზა საკმაოდ რთულია. ლესიკს მილიონი ნაბიჯის გაკეთება უწევს, რაც მის ფიტნეს სამაჯურზეა აღბეჭდილი. საბოლოოდ მიზანს აღწევს და მასშტაბური სპორტული ღონისძიების თილისმა და ყველა იმ ადამიანის მეგობარი ხდება, ვინც ევროპულ თამაშებშია ჩართული.

მასკოტის მაისურის მწვანე ფერი განვითარებასა და ჰარმონიას აღნიშნავს, შავი შორტი კი დისციპლინასა და გადაწყვეტილების მიღების უნარს. მელიას შეფერილობა მხიარულებასა და ცხოვრების სიყვარულს გამოხატავს, ცისფერი სპორტული ფეხსაცმელი – დაუმარცხებელ ხასიათს, წითელი კეპი – ენერგიას.

ის, რომ 2019 წელი ყველაზე კაშკაშა წელი იქნება ლესიკისთვის, ეს მის კეპზე დატანილი წარწერიდანაც ჩანს: „კაშკაშა წელი, კაშკაშა შენ“.