მინსკის ევროპული თამაშების გახსნის ცერემონიის რამდენიმე დეტალი გახმაურდა
მეორე ევროპული თამაშების დაწყებამდე თვეზე ნაკლები დრო რჩება. საორგანიზაციო კომიტეტმა გახსნის საზეიმო ცერემონიის რამდენიმე დეტალი გაახმაურა. ღონისძიება 21 ივნისს „დინამოს“ სტადიონზე, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება და საათ-ნახევარი გაგრძელდება. ამ დროის მანძილზე, ორგანიზატორთა განცხადებით, როგორც სტადიონზე შეკრებილ 22 ათასამდე ადამიანს, ასევე ტელემაყურებელს, დაუვიწყარი სანახაობა და არაერთი სიურპრიზი ელის.
მთავარი მოულოდნელობა ინოვაციური ტექნოლოგია იქნება, რომელსაც მსგავსი მოვლენის დროს პირველად გამოიყენებენ. მობილურსა ან პლანშეტზე ჩამოსატვირთი სპეციალური აპლიკაციის მეშვეობით, თამაშების სტუმრები შეძლებენ ვირტუალურად მოხვდნენ ბელარუსის ბუნებაში, დაათვალიერონ ადგილობრივი ფლორა, შეეხონ ფრინველებსა და ცხოველებს. აღნიშნული ტექნოლოგიის შემქმნელების განცხადებით, 3D შოუ უდიდეს შთაბეჭდილებას მოახდენს მაყურებელზე. აპლიკაცია უფასოა და ის სულ მალე გახდება ხელმისაწვდომი.
გახსნის საზეიმო ცერემონიაზე ცნობილი საოპერო მომღერლები დიმაშ კუდაიბერგენი და ანნა ნეტრებკო იმღერებენ. ორგანიზატორებმა სცენარის დეტალებზე არ ისაუბრეს და ზოგადი აღწერით შემოიფარგლნენ. მათი თქმით, მაყურებელი გაიცნობს მასპინძელი ქვეყნის ისტორიას, ტრადიციებს. წარმოდგენას შეიქმნის ბელარუს საზოგადო მოღვაწეებზე, ადამიანებზე, რომლებმაც ქვეყანას სახელი გაუთქვეს.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი – სტადიონზე შეკრებილები უშუალოდ მიიღებენ წარმოდგენაში მონაწილეობას. თითოეულ მაყურებელს, სუვენირის სახით, სკამზე დახვდება მანათობელი სამაჯური, ზურგჩანთა თამაშების ლოგოტიპითა და საჩუქრების ნაკრები.