ნატო-ს მინისტერიალზე ასპირანტი ქვეყნების მხარდაჭერის გაგრძელებაზე იმსჯელებენ
ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაიმ პირველ არხთან მიმდინარე კვირაში ნატო-ში, მინისტერიალის ფარგლებში, ღია კარის პოლიტიკაზე დაგეგმილ მსჯელობაზე გააკეთა კომენტარი.
აპატურაის თქმით, ნატო-ს ქვეყნების პირველი დიპლომატები ასპირანტი ქვეყნების მხარდაჭერის გაგრძელებაზე და რეფორმების ხელშეწყობაზე იმსჯელებენ.
„ფაქტი, რომ მინისტერიალზე მსჯელობა დაეთმობა ორგანიზაციის ღია კარის პოლიტიკას, მიუთითებს, რომ ნატო საკუთარი პოლიტიკის ერთგულია და ეს პოლიტიკა ევროატლანტიკური სივრცის უსაფრთხოებასა და სტაბილურობას უწყობს ხელს. მინისტერიალზე ნატო-ს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები იმსჯელებენ, თუ როგორ გააგრძელონ ასპირანტი ქვეყნების მხარდაჭერა და იმ რეფორმების ხელშეწყობა, რომლებიც ასპირანტ ქვეყნებს მომავალი წევრობისთვის მოამზადებს“, – აღნიშნა აპატურაიმ.