მინეაპოლისის სასამართლომ ყოფილი პოლიციელი ჯორჯ ფლოიდის მკვლელობაში დამნაშავედ ცნო, მას 40-წლიანი პატიმრობა ემუქრება
მინეაპოლისის სასამართლომ ყოფილი პოლიციელი დერეკ შოვინი ჯორჯ ფლოიდის მკვლელობაში დამნაშავედ ცნო. მას 40-წლიანი პატიმრობა ემუქრება.
მედიის ცნობით, მოსამართლემ დერეკ შოვინის სასჯელის ზომა რვა კვირაში უნდა გამოაცხადოს.
46 წლის ფერადკანიანი მოქალაქე მინეაპოლისში პოლიციელის მხრიდან განხორციელებული ძალადობის შედეგად გარდაიცვალა.
როგორც ცნობილია, ფლოიდი დაკავების დროს სიგარეტის ყიდვას ყალბი 20-დოლარიანით შეეცადა. ამის შესახებ პოლიციას თინეიჯერმა გამყიდველმა შეატყობინა. გამოძიების მასალების მიხედვით, ჩანაწერში ჩანს, რომ ადგილზე მისულმა ერთ-ერთმა პოლიციელმა, დერეკ შოვინმა ფლოიდს კისრის არეში მუხლი დააბჯინა.
„ვეღარ ვსუნთქავ“, – ამ სიტყვებით ფლოიდმა პოლიციელს რამდენიმეჯერ მიმართა.
გამოძიების მასალების მიხედვითვე, თვითმხილველები მოუწოდებდნენ პოლიციელს, შეემოწმებინა დაკავებულის გულისცემა.
ამის შემდეგ ჯორჯ ფლოიდი საავადმყოფოში გადაიყვანეს და ერთ საათში ოჯახს მისი სიკვდილის შესახებ შეატყობინეს.
ჯორჯ ფლოიდის სიკვდილმა აშშ-ში მრავალრიცხოვანი საპროტესტო აქციები გამოიწვია.