მინდია საბანაძე - პრემიერ-მინისტრისგან მივიღეთ დაპირება, რომ გადაადგილების შეზღუდვაზე დროის გადაწევის საკითხს დააკვირდებიან და გადაწყვეტილებას მიიღებენ
პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე იყო საუბარი, გადაადგილებაზე შეზღუდვა გადაწეულიყო ერთი ან ორი საათით მაინც, მივიღეთ დაპირება, რომ ერთი-ორი კვირის განმავლობაში დააკვირდებიან და გადაწყვეტილებას მიიღებენ, – ამის შესახებ „აიჯი დეველოპმენტის“ დამფუძნებელმა, მინდია საბანაძემ პრემიერ-მინისტრსა და ბიზნესის წარმომადგენლებს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
„მოტივირებულია მთლიანად ხელისუფლება და პრემიერი, რომ რაც შეიძლება სწრაფ რეჟიმში ამუშავდეს ეკონომიკა. ყველა ის სექტორი, რაც გაჩერებულია მათ ამუშავებაზეა საუბარი. ეს არის დამოკიდებული დადებითობის 4%-ზე. გადაადგილების შეზღუდვაზე იყო საუბარი, რომ გადაწეულიყო ერთი, ან ორი საათით მაინც. ამაზე მივიღეთ დაპირება, რომ დავაკვირდებით, მაქსიმუმ ერთი-ორი კვირის მანძილზე და მივიღებთ გადაწყვეტილებას. ამის გარდა, იყო საუბარი იმაზე, რომ სხვა დარჩენილი ბიზნესი, როგორიც არის ბავშვთა გასართობი, ფიტნესები, რესტორნები, რაც შეიძლება მალე გაიხსნას. ეს ყველაფერი დამოკიდებული არის იმაზე, რა მდგომარეობა იქნება ქვეყანაში“,- განაცხადა საბანაძემ.
მისივე თქმით, დღგ-ს გადავადებაზე საუბარი არ ყოფილა.
„იყო საუბარი ქონების გადასახადზე რაიმე შეღავათი თუ იქნება სამომავლოდ, რაც ვთქვათ, გადავიხადეთ. ხუთი თვე დაკეტილი იყო ობიექტები და წონების გადასახადი მაინც გადავიხადეთ. გარდა იმისა, რომ დღგ-საც ვიხდიდით, საშემოსავლოსაც და ა.შ, გადიან ამ პროცესს. სახელმწიფოც თავის ბიუჯეტზეა დამოკიდებული. დღევანდელი შეხვედრა განსხვავდება იმით, რომ დღეს უკვე საშუალება მიეცა ეკონომიკურ გუნდს, პრემიერს, ცოტა დალაგებულად და მშვიდად ისაუბროს პერსპექტივებზე, როგორ განავითაროს ეკონომიკა. დღეს ყველა ვიჯექით ერთ ნავში, ერთად ვცდილობდით, თუ რამე პრობლემაა, რომ გვეთქვა“,- განაცხადა მინდია საბანაძემ.