მილანის, ბოლონიისა და მარსელის გარდა, მომავალ წელს „რაინეარი“ საქართველოდან კელნშიც იფრენს
მილანის, ბოლონიისა და მარსელის გარდა, მომავალ წელს ავიაკომპანია „რაინეარი“ საქართველოდან კელნშიც (Köln) იფრენს, – ამის შესახებ „რაინეარის“ (Ryanair) კომერციულმა დირექტორმა, დევიდ ო’ბრაიენმა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში განაცხადა.
„ჩვენ ძალიან მოხარული ვართ, დავაანონსოთ სამი ახალი მიმართულება – თბილისიდან მილანში, ასევე ქუთაისიდან ბოლონიაში და მარსელში. პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან შეხვედრის შემდეგ კი, მინდა, ვთქვა, რომ უკვე მომავალი წლის ზაფხულიდან, თბილისიდან ფრენებს კელნშიც დავიწყებთ. მინდა აღვნიშნო, რომ გუნდი, რომელიც ჩვენთან მოლაპარაკებებს აწარმოებდა, ძალიან პროფესიონალურია. თუ თქვენი რაგბისტებიც ასე მოინდომებენ, მსოფლიო ჩემპიონატს მოიგებენ“, – განაცხადა ავიაკომპანიის კომერციულმა დირექტორმა, დევიდ ო’ბრაიენმა.
ქართულ მხარესა და ირლანდიურ დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანია „რაინეარს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა.
ხელშეკრულებას მთავრობის ადმინისტრაციაში ხელს მოაწერეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტორმა, გიორგი ჩოგოვაძემ და „რაინეარის“ (Ryanair) კომერციულმა დირექტორმა, დევიდ ო’ ბრაიენმა.