მიკროსაფინანსო ორგანიზაციაზე თავდასხმაში ბრალდებულის ადვოკატი - ეს იყო ერთგვარი პროტესტის ფორმა და პერფორმანსი
თბილისში, წერეთლის გამზირზე მიკროსაფინანსო ორგანიზაციაზე თავდასხმაში ბრალდებულს ბრალს სავარაუდოდ დღეს წარუდგენენ.
როგორც ადვოკატი ირმა ჭკადუა აცხადებს, გუშინ არავინ დაშავებულა და მისი თქმით, ეს იყო ერთგვარი აქცია-პერფორმანსი, რადგან სოციალური საკითხებისა და არსებული პრობლემების მოგვარების მიზნით, მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში შეჭრილი პირი სახელმწიფოსა და მასმედიის ყურადღების მიქცევას ცდილობდა.
ამასთან, ირმა ჭკადუას განცხადებით, დაკავებულს საკუთარი სურვილით გამოეხმაურა და ორ სხვა ადვოკატთან ერთად მის ინტერესებს უსასყიდლოდ დაიცავს.
„რეალურად არავინ დაზიანებულა, ფული არ მოუთხოვია, ყაჩაღობას არ ჰქონდა ადგილი. ეს არ იყო ნამდვილი იარაღი. ე.წ მძევლებს რაც შეეხება, რა თქმა უნდა, გარკვეული სტრესი მიიღეს, მძიმე იყო მათი და მათი ოჯახების მდგომარეობა, მაგრამ მერწმუნეთ, არავისთვის არ მიუყენებია ზიანი. ვინც სთხოვა, გამოსულიყო, მან ისინი გამოუშვა. მეტსაც გეტყვით, მოლარე გოგონას სთხოვა, სალაროდან რომ გამოვიდა, დაეკეტა სალაროს კარები, რომ არ დაკარგულიყო რაიმე თანხა, მასთან რომ არ ჰქონოდათ ამ მიმართულებით პრობლემა. ეს იყო ერთგვარი პროტესტის ფორმა და პერფორმანსი. ჩვენ კარგად ვიცით, როგორ შეიძლება მასმედიისა და ხელისუფლების ყურადღება მიიპყრო ამ ქვეყანაში. თუ არ არის კონკრეტული მასმედიის დღის წესრიგი, არავის გააშუქებენ. ეს იყო აბსოლუტურად გულწრფელი პროტესტი. პროტესტი, რომელიც თითოეულ ჩვენგანს გააჩნია.
ჩვენ გვყავდა მაჟორიტარობის კანდიდატი წამლების ბიზნესიდან და არასდროს უთქვამს, რომ წამლების ფასი დაიწევდა, ასევე გვყავდნენ ბანკირები, რომელთაც არ უსაუბრიათ, რომ საპროცენტი განაკვეთი დაიწევდა. მეტსაც გეტყვით, გვყავს ხელისუფალი, რომელსაც არასდროს უსაუბრია იმაზე, რომ როცა მივიღვწით დასავლური ღირებულებებისკენ, არც ერთ ქვეყანაში არ არის ის საპროცენტო განაკვეთები, რაც არის საქართველოში. თაობები გაანადგურა და რეალურად, სათამაშო ბიზნესმა ოჯახები უსახლკაროდ დატოვა და ეს არის ფუნდამენტური პრინციპი, რაც აწუხებს ჩვენს მოსახლეობას. არც ერთი პოლიტიკოსი არ საუბრობს ამ რეალურ პრობლემებზე. ეს იყო მისი გულწრფელი პროტესტი და ამიტომაც ვიცავ მას უანგაროდ. მინდა, მან სრულყოფილი იურიდიული სერვისი მიიღოს“, – განაცხადა ირმა ჭკადუამ.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, თბილისში, აკაკი წერეთლის გამზირზე მდებარე ერთ-ერთი მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ფილიალზე თავდასხმის, რამდენიმე პირის მძევლად აყვანისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შენახვა-ტარების ბრალდებით 1989 წელს დაბადებული ლ.ზ. არის დაკავებული. მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ფილიალში ის 20 ნოემბერს, დღის მეორე ნახევარში შეიჭრა და 17 ადამიანი მძევლად აიყვანა. შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებსა და თავდამსხმელს შორის განხორციელებული რამდენიმესაათიანი მოლაპარაკებების შედეგად, ბრალდებულმა მძევლად აყვანილი ადამიანები ეტაპობრივად გაათავისუფლა. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.
შსს-ს ცნობით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და 236-მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გრძელდება, რაც ორზე მეტი პირის მძევლად ხელში ჩაგდებას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შენახვა-ტარებას გულისხმობს.