მიხეილ სარჯველაძის თქმით, ადამიანი, რომელმაც ნიკა მელიასთვის გირაოს გადახდა მოისურვა, შესაძლოა, აფილირებული იყოს ოპოზიციურ პარტიებთან
ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის თქმით, ადამიანი, რომელმაც ნიკა მელიასთვის გირაოს გადახდა მოისურვა, შესაძლოა, აფილირებული იყოს ოპოზიციურ პარტიებთან.
„ისეთი მოცემულობა არ არის, რომელშიც ხელისუფლებას დიდი მონდომება უნდა შეემჩნეოდეს, რომ ამ ჩიხური ვითარებიდან გამოსავალი იპოვოს. ეს ჩიხი თავად იმ ხალხს აქვს, ვინც შეთქმულების თეორიებზე საუბრობს. არ მგონია, რომ ლოგიკური და დამაჯერებელი იყოს ის არგუმენტაცია, რომელსაც ოპონენტების მხრიდან ვისმენთ. რაც შეეხება შესაძლო კავშირს იმ ადამიანსა და ხელისუფლებას შორის, ამ განცხადებისთვისაც არავითარი საფუძველი არ არსებობს და ლიტონი ვარაუდები ისმის. პირიქით რეალურად, ეს ადამიანი შეიძლება აფილირებული იყოს ოპოზიციურ პარტიებთან“, – განაცხადა სარჯველაძემ.
ნიკა მელიას ადვოკატის, გიორგი კონდახიშვილის ინფორმაციით, „ფსიქოლოგთა განვითარების კვლევითი ცენტრის“ ხელმძღვანელის, ბესიკ ბოგველის სახელით „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში მიიღეს წერილი, რომლის თანახმადაც, ბოგველმა მიმართა პროკურატურას და მზადყოფნა გამოთქვა, ნიკა მელიას მიმართ გამოყენებული გირაო გადაიხადოს. როგორც ადვოკატი ამბობს, „დიდი ალბათობით, ეს ხელისუფლების დადგმული სპექტაკლია“.