ნიკა მელიას ადვოკატი - მივიღეთ წერილი მოქალაქე ბესიკ ბოგველის სახელით, რომელიც მზად არის, გადაიხადოს გირაო, დიდი ალბათობით, საქმე გვაქვს ხელისუფლების სპექტაკლთან
ნიკა მელიას ადვოკატი - მივიღეთ წერილი მოქალაქე ბესიკ ბოგველის სახელით, რომელიც მზად არის, გადაიხადოს გირაო, დიდი ალბათობით, საქმე გვაქვს ხელისუფლების სპექტაკლთან

ნიკა მელიას ადვოკატის, გიორგი კონდახიშვილის ინფორმაციით, „ფსიქოლოგთა განვითარების კვლევითი ცენტრის“ ხელმძღვანელის, ბესიკ ბოგველის სახელით „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში მიიღეს წერილი, რომლის თანახმადაც, ბოგველმა მიმართა პროკურატურას და მზადყოფნა გამოთქვა, ნიკა მელიას მიმართ გამოყენებული გირაო გადაიხადოს.

როგორც ადვოკატი ამბობს, „დიდი ალბათობით, ეს ხელისუფლების მიერ დადგმული სპექტაკლია“.

„ნაციონალურ მოძრაობაში“ „ფსიქოლოგთა განვითარების კვლევითი ცენტრის“ ხელმძღვანელმა, ბესიკ ბოგველმა წერილი გამოაგზავნა. წერილის შინაარსიდან გამომდინარე ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ ბესიკ ბოგველმა ოფიციალურად მიმართა საქართველოს გენერალურ პროკურატურას და გამოთქვეს მზადყოფნა, გადაიხადონ ნიკა მელიას მიმართ გამოყენებული გირაოს თანხა. ნიკა მელიას პოზიციაა, რომ აღნიშნული არის მიუღებელი, დიდი ალბათობით, საქმე გვაქვს ხელისუფლების მიერ დადგმულ სპექტაკლთან“,- განაცხადა ადვოკატმა.

მისივე თქმით, ნიკა მელიასთვის გირაოს გადახდა ნებისმიერი პირის მიერ, როგორც ტექნიკური, ასევე სამართლებრივი კუთხით, შეუძლებელია.

„ბოლო ერთი თვის განმავლობაში ასევე „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები საზოგადოებაში ავრცელებენ მესიჯს, რომ ნიკა მელიას შეუძლია, ნებისმიერ დროს გადაიხადოს გირაო და გათავისუფლდეს პატიმრობიდან. ეს არის ტყუილი და ეს არის ხელისუფლების მიერ გამოყენებული პროპაგანდა უცხოელი პარტნიორების გასაგონად.

დღეის მდგომარეობით, ნიკა მელიას აქვს სასამართლოს მიერ შეფარდებული აღკვეთის ღონისძება დაპატიმრება, შესაბამისად, 3 ნოემბერს გამოტანილი გადაწყეტილება, გირაო არის ანულირებული. შეუძლებელია ნებისმიერი პირის მიერ გირაოს გადახდა როგორც ტექნიკური, ასევე სამართლებრივი კუთხით, რადგან მას შეფარდებული აქვს პატიმრობა.

ჩვენ ვსვამთ კითხვას „ოცნების“ წარმომადგენლების მიმართ – როდესაც თქვენ ამბობთ, რომ ნიკა მელიას შეუძლია, გადაიხადოს თანხა და გათავისუფლდეს პატიმრობიდან, გთხოვთ, მიუთითოთ, რა გადაწყვეტილების საფუძველზე შეიძლება, ეს გაკეთდეს“,- განაცხადა გიორგი კონდახიშვილმა.