მიხეილ სარჯველაძე - ყველაფერი გაკეთდება, რათა თამაზ გინტურის მკვლელობაში დამნაშავე პირებმა პასუხი აგონ
ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ თამაზ გინტურის მკვლელობაში დამნაშავე პირებმა პასუხი აგონ, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.
„მნიშვნელოვანია, გვახსოვდეს, რომ ასეთ შემთხვევებში ზედმიწევნით რაციონალურობა და სიფრთხილე გვმართებს. ყველაფერი უნდა გაკეთდეს, ოღონდ ისე, რომ კონტრპროდუქტიული არ აღმოჩნდეს – ასეთია ჩვენი დამოკიდებულბა. ვინც ამას იზიარებს და ეთანხმება, მივესალმები. მეჩვენება, რომ ხშირ შემთხვევაში, როდესაც ასეთი ინიციატივები დგება, საკუთარი თავისისთვის დივიდენდების მოპოვების მცდელობა და საკუთარი პოზიციების დემონსტრირება უფრო მეტია, ვიდრე ნამდვილი გულშემატკივრობა, რომ რეალურად მოხდეს იმ შედეგის მიღწევა, რასაც დამნაშავე პირთა დასჯა ჰქვია“, – განაცხადა სარჯველაძემ.
ევროპარლამენტში რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ თამაზ გინტურის მკვლელობასთან დაკავშირებით რეზოლუცია მომზადდა. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, სოფო ჯაფარიძემ რეზოლუციის ინიციატივა მიხეილ სააკაშვილს დაუკავშირა და განაცხადა, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციის მომზადებით მიხეილ სააკაშვილმა „დაპირება შეასრულა“.