სოფო ჯაფარიძე - ევროპარლამენტის რეზოლუცია არის ძალიან მნიშვნელოვანი, ქვეყნის მესამე პრეზიდენტის დაპირება შესრულებულია
სოფო ჯაფარიძე - ევროპარლამენტის რეზოლუცია არის ძალიან მნიშვნელოვანი, ქვეყნის მესამე პრეზიდენტის დაპირება შესრულებულია

თამაზ გინტურის მკვლელობის საქმეზე ევროპარლამენტის რეზოლუცია არის ძალიან მნიშვნელოვანი ქართული სახელმწიფოსთვის. ჩვენი და ჩვენი პარტნიორების ძალისხმევით ვაკეთებთ იმას, რასაც რეალურად უნდა აკეთებდეს „ქართული ოცნება“, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, სოფო ჯაფარიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ევროპარლამენტი გმობს თამაზ გინტურის მკვლელობას და ეხმაურება საოკუპაციო ხაზთან მშვიდობიანი მოქალაქეების დაკავებას.

„თამაზ გინტურის მკვლელობა შეფასდა, როგორც კიდევ ერთი პროვოკაცია, რომელიც მიზანმიმართულია საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის წინააღმდეგ. დღევანდელი რეზოლუცია არის თამაზ გინტურის კიდევ ერთი გამარჯვება და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა სრული სიმკაცრით იყვნენ დასჯილები თამაზ გინტურის მკვლელები. სამწუხაროდ, დღეს რასაც უნდა აკეთებდეს ჩვენი ხელისუფლება, აკეთებს ქართველი ხალხი და ქვეყნის მესამე პრეზიდენტი თავის გუნდთან ერთად. ქვეყნის მესამე პრეზიდენტის დაპირება შესრულებულია“, – განაცხადა ჯაფარიძემ.

სოფო ჯაფარიძესთან ერთად ბრიფინგი გამართა თამაზ გინტურის ძმამ, გივი გინტურმა.

„მივესალმები მიხეილ სააკაშვილს, საქართველოს მესამე პრეზიდენტს, რომელმაც ციხიდან გამოაგზავნა სამძიმრის წერილი ჩემი ძმის ოჯახში. დიდი მადლობა, ბატონო მიშა, დღევანდელ დღეს გილოცავთ. გიორგობის დღე ყოფილიყოს გამოშვებისა და გამოჯანმრთელების.  ასევე, მინდა, გამოვხატო მადლობა ანა ფოტიგას მიმართ, მთელი ევროპისა და ევროპარლამენტის შეწუხებისთვის“, – აღნიშნა გივი გინტურმა.

ევროპარლამენტში რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ თამაზ გინტურის მკვლელობასთან დაკავშირებით რეზოლუცია მომზადდა.