მიხეილ სარჯველაძე - უგულავას გუშინდელ სისაძაგლეს არ აქვს გამართლება, ნურავინ ეცდება, ეს საქციელი ახსნას ემოციური ფონით, ეს არის ის, რაც არც ახსნას ექვემდებარება, არც გამართლებას, არც პატიებას
მიხეილ სარჯველაძე - უგულავას გუშინდელ სისაძაგლეს არ აქვს გამართლება, ნურავინ ეცდება, ეს საქციელი ახსნას ემოციური ფონით, ეს არის ის, რაც არც ახსნას ექვემდებარება, არც გამართლებას, არც პატიებას

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის თქმით, გიგი უგულავას მიერ გუშინ აქციაზე გაკეთებული განცხადება არის სისაძაგლე და ამ საქციელის ბარბაროსულობას, ამორალობას ყველა ხვდება, მისი ჩათვლით.

დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე მიხეილ სარჯველაძემ გიგი უგულავას განცხადება დაგმო და სამართალდამცველებს მხარდაჭერა გამოუცხადა.

„არათუ, პოლიტიკასა და სახელმწიფო მმართველობას, არამედ ომსაც აქვს თავისი წესები, მაგრამ, სამწუხაროდ, არიან ადამიანები, რომლებსაც ეს წესები არაფრად მიაჩნიათ და ეს ძირითადად, ხელმოცარული, ვერშემდგარი პოლიტიკოსები არიან, რომლებიც მხოლოდ ისტორიული უსამართლობის შედეგად აღზევდებიან ხოლმე. სამართლიან გარემოში მათ აქვთ ტრაგიკული ბედი. ეს ტრაგიზმი იმაში მდგომარეობს, რომ ვერაფრით ახერხებენ საზოგადოების არათუ კეთილგანწყობისა და მხარდაჭერის მოპოვებას, არამედ უბრალოდ ყურადღების მიქცევასაც კი. როდესაც დასაშვები ხერხები არ კმარა, ეს ხალხი დაუშვებელი მეთოდებით ცდილობს ყურადღების მიქცევას.

გუშინ, ჩვენ ვიხილეთ ერთი ასეთი კლასიკური შემთხვევა, რომელმაც გაბედა და გაილაშქრა საკუთარ ოპონენტად აღქმულ სამართალდამცველზე, რაც მართლაც საგანგაშო და საყურადღებოა, მის ოჯახზე და არასრულწლოვან შვილებზე. ეს არის სისაძაგლე, რადგან ყველა, თავად მისი ჩათვლით, მთელი სიცხადით ხვდება ამ საქციელის ბარბაროსულობას და ამორალობას.

მორალურად არც იმას შეგახსენებთ, თავად ვინ არის ეს ადამიანი და რას წარმოადგენს უგულავა, მაგრამ გეტყვით, რომ მის გუშინდელ სისაძაგლეს არ აქვს გამართლება. ამიტომ, ნურავინ ეცდება, ეს საქციელი ახსნას ემოციური ფონით ან სხვა ფაქტორებით, რისი მცდელობების კვალიც აქა-იქ შეინიშნებოდა და შეინიშნება. ეს არის ის, რაც არც ახსნას ექვემდებარება, არც გამართლებას, უფრო მეტიც, თუ მკითხავთ, არც პატიებას“, – აღნიშნა სარჯველაძემ.

დეპუტატი საერთაშორისო პარტნიორებს და საერთაშორისო ორგანიზაციებს მოუწოდებს, გიგი უგულავას განცხადება დაგმონ.

„მინდა, ოპოზიციიდან უგულავას კოლეგებს მოვუწოდო, რომ ეს საქციელი მკაფიოდ შელამაზებისა და ვუალირების გარეშე დაგმონ და გაემიჯნონ. ეს აუცილებელია, რათა ქართულ პოლიტიკაში მსგავსი პრეცედენტები და გამოხტომები აღარასდროს არ გვხვდებოდეს. ეს არ ყოფილა ბავშვთა უფლებების ერთი მორიგი დარღვევა, ამას ვამბობ მათთვის, ვინც იფარგლება მშრალი და ე.წ. მორიგე შეფასებებით. იგივე შეფასება მექნება ზოგიერთი მედიასაშუალების მიმართ. მათაც ცოტა მეტი ევალებათ, რომ ასეთი სისაძაგლე დავალებად კი არ მიიღონ, არამედ სწორი შეფასება მისცენ, ასეთი ტიპის ქცევებს გაემიჯნონ. ის, რაც უგულავამ თქვა, იყო მტკნარი ტყუილი, აბსოლუტური სიცრუე და ამას ვამბობ სრული პასუხისმგებლობით, არაფერი იმ ნათქვამიდან სიმართლეს არ შეესაბამებოდა.

ადამიანი, ვისზეც უგულავა საუბრობდა, არის კაცი, რომელიც ამ ქვეყანაში სამართლის დამცველია, სამართალდამცავ უწყებას წარმოადგენს და სწორედ სამართალია ის, რაც უზრუნველყოფს ქვეყანაში მშვიდობასა და უსაფრთხოებას. ეს კი აუცილებელია ქვეყნის განვითარებისთვის და წინსვლისთვის. ეს სამართალი, უსაფრთხოება, მშვიდობა, წინსვლა და განვითარება უგულავას მსგავს კრიმინალებს უქმნის დისკომფორტს, ამიტომაც ებრძვიან ამას. იმავე ბავშვებს მივმართავ და მათი მეგობრების გასაგონად ვამბობ, რომ თქვენ უნდა გეამაყებოდეთ, რომ ბრძანდებით სამართალდამცველის შვილები. ასე არ ფიქრობს უგულავა, მაგრამ საბედნიეროდ, ამ ქვეყნის უმრავლესობას ჯანსაღი შეხედულებები აქვს. დიახ, სამართალდამცველობა ნამდვილად პატივსაცემი საქმეა და არავის აქვს უფლება, ის საკუთარი სიბინძურით და უწმინდურებით გასვაროს“, – აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.

„ნაციონალური მოძრაობის“ ფოთის მერობის ყოფილმა კანდიდატმა, გიგი უგულავამ გუშინ პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა: „ყველა, ვინც აქ დგახართ, ვინც უმოქმედოდ ხართ, ყველა, ვინც უკანონოდ აკავებთ აქტივისტებს, რადგან გეშინიათ მათი, ყველას ხელებზეა ის სისხლი და უსინდისობა. ეს კარგად დაიმახსოვრეთ. ჩვენ ვცხოვრობთ ციფრულ საუკუნეში, ეს აღარ არის ის დრო, რომ მე ვინ დამინახავს. ტყუილად გგონიათ, რომ კოვიდის ნიღბები გადაგარჩენთ. ციფრული საუკუნე ნიშნავს ერთ რაღაცას – თქვენი, ყველას სახელები და გვარები იქნება ონლაინ გამოქვეყნებული. აი, იმ ვიღაცა „მოხვედი ჩიტოს“ რომ იძახის, აი, იმ ვიღაც ორდენიძის, მე ძალიან არ მიყვარს, საქმეში გავრიო ოჯახი და ბავშვები, მაგრამ ამ ნაგვის, ვინც ხელი აღმართა პრეზიდენტზე, უნდა იცოდნენ მისი შვილის მეგობრებმა და კლასელებმა, რომ მამა ჰყავს ჯალათი. ყველა ბოძზე უნდა გამოვაკრათ ასეთი ჯალათები“.