გიგი უგულავა -  ვინც უმოქმედოდ ხართ, ვინც უკანონოდ აკავებთ აქტივისტებს, ტყუილად გგონიათ, რომ კოვიდის ნიღბები გადაგარჩენთ, ყველას გვარი იქნება ონლაინ გამოქვეყნებული
გიგი უგულავა - ვინც უმოქმედოდ ხართ, ვინც უკანონოდ აკავებთ აქტივისტებს, ტყუილად გგონიათ, რომ კოვიდის ნიღბები გადაგარჩენთ, ყველას გვარი იქნება ონლაინ გამოქვეყნებული

ყველა, ვინც უმოქმედოდ ხართ, ვინც უკანონოდ აკავებთ აქტივისტებს, რადგან გეშინიათ მათი, ყველას ხელებზეა სისხლი და უსინდისობა, ტყუილად გგონიათ, რომ კოვიდის ნიღბები გადაგარჩენთ, თქვენი, ყველას სახელები და გვარები იქნება ონლაინ გამოქვეყნებული, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ფოთის მერობის ყოფილმა კანდიდატმა, გიგი უგულავამ პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, ეს ბრძოლა არის სიმართლისა და უკეთესი ქვეყნისთვის, ეს არის „მიშას ოცნება, ნორმალური ადამიანებისა და საქართველოს უმრავლესობის ოცნება“.

„ყველა, ვინც აქ დგახართ, ვინც უმოქმედოდ ხართ, ყველა, ვინც უკანონოდ აკავებთ აქტივისტებს, იმიტომ რომ გეშინიათ მათი, ყველას ხელებზეა ის სისხლი და უსინდისობა. ეს კარგად დაიმახსოვრეთ. ჩვენ ვცხოვრობთ ციფრულ საუკუნეში, ეს აღარ არის ის დრო, რომ მე ვინ დამინახავს. ტყუილად გგონიათ, რომ კოვიდის ნიღბები გადაგარჩენთ. ციფრული საუკუნე ნიშნავს ერთ რაღაცას – თქვენი, ყველას სახელები და გვარები იქნება ონლაინ გამოქვეყნებული. აი, იმ ვიღაცა „მოხვედი ჩიტოს” რომ იძახის, აი, იმ ვიღაც ორდენიძის, მე ძალიან არ მიყვარს საქმეში გავრიო ოჯახი და ბავშვები, მაგრამ ამ ნაგვის, ვინც ხელი აღმართა პრეზიდენტზე, უნდა იცოდნენ, მისი შვილის მეგობრებმა და კლასელებმა, რომ მამა ჰყავს ჯალათი. ყველა ბოძზე უნდა გამოვაკრათ ასეთი ჯალათები. ყველამ უნდა იცოდეს, რომ ასეთი ადამიანების ფეხქვეშ მიწა დაიწვება, რადგან ის, რასაც თქვენ აკეთებთ და ამზადებთ, დაანგრევს ამ ქვეყანას, გააუბედურებს უამრავ ადამიანს, ცრემლებს დააღვრევინებს უფრო მეტად, ვიდრე მდინარეებია ამ ქვეყანაში და თქვენ ტყუილად გგონიათ, რომ გაიხარებთ ამ უბედურების ჟამს. თქვენი შვილები შეგაფურთხებენ სახეში, თუ ამ ქვეყანაში უბედურება დატრიალდა.

ეს ბრძოლა არის სიმართლისთვის და უკეთესი ქვეყნისთვის, ეს არის მიშას ოცნება, ეს არის ნორმალური ადამიანების ოცნება, ეს არის საქართველოს უმრავლესობის ოცნება. ბოლო არჩევნებმა ანახა მთავარი რამე – მიუხედავად გაყალბებისა და ამ ყველანაირი უბედურებისა, რაც ჩვენ ვნახეთ, გამოვარდნილი როგორც მხეცი ეს შპანა, პოლიციასთან ერთად რომ დარბოდა, მიუხედავად ამისა, გამოჩნდა ერთი მთავარი რამ – ჩვენ ვართ მეტნი, რადგან საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობამ უარი უთხრა ბიძინ ივანიშვილის ოცნებას. ამის პასუხი არის სწორედ ის, რასაც დღეს მიხეილ სააკაშვილს უკეთებენ“, – განაცხადა გიგი უგულავამ.