მიხეილ სარჯველაძე სომხეთის ჯანდაცვის მინისტრის შეხვდა
მიხეილ სარჯველაძე სომხეთის ჯანდაცვის მინისტრის შეხვდა

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე სომეხ კოლეგას, ანაჰიტ ავანესიანს შეხვდა.

ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა ჯანმრთელობის დაცვის მიმართულებით ერთობლივ პროექტებზე იმსჯელეს და პარტნიორობის შემდგომი გაღრმავების საკითხებზე შეთანხმდნენ. საუბარი შეეხო სომხეთსა და საქართველოში ჯანდაცვის სფეროში მიმდინარე და დაგეგმილ რეფორმებს და ამ მიმართულებით გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობას.

„მიხეილ სარჯველაძემ დელეგაციის წევრებს ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების კუთხით არსებული მნიშვნელოვანი პროგრესი გააცნო. მინისტრმა აღნიშნა, რომ ქვეყნებს შორის გამოცდილების გაზიარება პაციენტზე ორიენტირებული სისტემის კიდევ უფრო განვითარებას შეუწყობს ხელს“, – აღნიშნულია ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.

საქართველოში სომხეთის ჯანდაცვის მინისტრის ვიზიტს წინ უძღოდა ჟენევაში, ჯანმრთელობის მსოფლიო ასამბლეის ფარგლებში მიხეილ სარჯველაძესა და ანაჰიტ ავანესიანს შორის გამართული შეხვედრა, სადაც კიდევ უფრო მჭიდრო პარტნიორობის სამომავლო პერსპექტივები განიხილეს.

სამინისტროში გამართულ შეხვედრას მინისტრის მოადგილეები თამარ გაბუნია და თეა გიორგაძე, ასევე საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი აშოტ სმბატიანი ესრებოდნენ.

სომხეთის ჯანდაცვის მინისტრთან ერთად, საქართველოში ვიზიტით იმყოფებოდნენ: სომხეთის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი სტეპან ატოიანი, ონკოლოგიის ეროვნული ცენტრის დირექტორი ნარეკ მანუკიანი, წამლებისა და სამედიცინო ტექნოლოგიების ექსპერტიზის ცენტრის დირექტორი არაიიკ ბაღრიანი, საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი არმენ მელქონიანი და დელეგაციის სხვა წევრები.