მიხეილ სარჯველაძე - საზოგადოებამ შეაფასოს სააკაშვილის და რამდენიმე მოხელის დიეტის, კურორტებზე მოგზაურობის ბიუჯეტიდან დაფინანსებას თუ შეიძლება, ანტიკორუფციული სიმბოლო დაერქვას
მიხეილ სარჯველაძე - საზოგადოებამ შეაფასოს სააკაშვილის და რამდენიმე მოხელის დიეტის, კურორტებზე მოგზაურობის ბიუჯეტიდან დაფინანსებას თუ შეიძლება, ანტიკორუფციული სიმბოლო დაერქვას

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, მიხეილ სარჯველაძის თქმით, მიხეილ სააკაშვილის სენტიმენტალური განცხადებების არავის სჯერა.

მისივე თქმით, „საზოგადოებამ შეაფასოს, სააკაშვილისა და რამდენიმე მოხელის დიეტის, ბალნეოლოგიურ კურორტებზე მოგზაურობის ბიუჯეტიდან დაფინანსებას, თუ შეიძლება, ანტიკორუფციული სიმბოლო დაერქვას“.

„არავის სჯერა ასეთი ვითომ სენტიმენტალური განცხადებების, რომ ქართველი ხალხის სამსხვერპლოზე მიიტანა რაღაც, როდესაც თვითონ დათმო საქართველოს მოქალაქეობა. და დათმო რისთვის? წავიდა და კარიერა უნდა აეწყო სხვა სახელმწიფოში. როდესაც საქართველოში დაბრუნდა, აცხადებდა, თარჯიმანი მომიყვანეთ, უკრაინულად, ჩემს მშობლიურ ენაზე უნდა ვილაპარაკოო. ასეთი პრობლემატურია ხოლმე მისი თითქოსდა სენტიმენტალური გამონათქვამები თუ განცხადებები, ნიანგის ცრემლები, რომლებსაც საქართველოსადმი მის სიყვარულთან დაკავშირებით ვისმენთ ხოლმე. ეს არც დამაჯერებელი არ არის და არ ვიცი, ვისზეა გათვლილი. საქართველოში ამას არავინ დაიჯერებს, საკუთარი მომხრეც კი არ ირწმუნებს. თუ გათვლა კეთდება იმაზე, რომ სადმე, უცხოეთში შეიძლება ვინმეს თავი მოაჩვენოს, სხვა ამბავია და მისი პრობლემაა.

რაც შეეხება განცხადებებს იმასთან დაკავშირებით, რომ თუნდაც ნავალნის შემდეგ ვინმეს მთავარი მტერია და ა.შ. ცდილობს, საკუთარი თავის შესახებ შეახსენოს საზოგადოებას, მათ შორის, საერთაშორისო საზოგადოებას, რომელიც მიხვდა, რომ არავითარი ანტიკორუფციის სიმბოლო ის არ არის. იმ ფონზე, როდესაც პიჯაკების საქმედ მონათვლას შეეცადნენ და ბრალდებებთან დაკავშირებით ეს იყო მათი ერთადერთი კონტრარგუმენტი, გაითვალისწინონ, რა ხარჯებია დაფინანსებული. როდესაც მისი და რამდენიმე მოხელის დიეტა, ბალნეოლოგიურ კურორტებზე მოგზაურობაა დაფინანსებული, სხვას რომ თავი დავანებოთ, თუ შეიძლება, ამ ყველაფერს დაერქვას ანტიკორუფციული სიმბოლო? საზოგადოებამ შეაფასოს და შეაჯამოს ეს ყველაფერი. ამის აღარავის სჯერა და საქართველოს მოსახლეობაზე ამ გათვლას აზრი არ აქვს“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა დღევანდელ სასამართლო პროცესზე დისტანციურად ჩართვისას განაცხადა: „თქვენ წინაშეა ადამიანი, რომელიც იყო და არის მსოფლიოში ანტიკორუფციული მოძრაობის სიმბოლო, ჩემი გასამართლება არის ქართველი ხალხის, მთელი მსოფლიოს დაცინვა“.