მიხეილ სარჯველაძე - საზღვარგარეთ ისეთ აქციას აანონსებენ, რომელსაც საქართველოში მაინცდამაინც მხარდაჭერა არ აქვს, არ მგონია, მარკ ფეიგინის მოსაზრებები მხედველობაში მისაღები იყოს
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე რუსი ბლოგერისა და უფლებადამცველის, მარკ ფეიგინის განცხადებას ეხმაურება, რომელიც მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად 4 იანვარს გლობალური აქციის მოწოდებით გამოვიდა.
მიხეილ სარჯველაძის თქმით, პროტესტის გამოხატვის უფლება აქვთ, თუმცა ეს სწორი მიდგომა არ არის.
„როგორც ჩანს, მისთვის ცნობილია, რომ საქართველოში რესურსი, მხარდაჭერის მანდატი ამოწურულია და რაიმე აქციის გამართვას, პროტესტის გამოხატვას უიმედოდ უყურებენ. ახლა ცდილობენ, დღემდე ვისზეც ახერხებენ, რომ არასწორი ინფორმაციის მიწოდების გზით არასწორი შთაბეჭდილებები შეუქმნან, იმაზე ზეგავლენა მოახდინონ და ჩართონ საქმეში, რასაც პოლიტიკური ამოცანის გადაჭრა ჰქვია, სააკაშვილისთვის დამსახურებული სასჯელის არიდება. ეს არ არის სწორი მიდგომა, თუმცა მათი უფლებაა, პროტესტი გამოხატონ. საზღვარგარეთ ისეთ აქციას აანონსებენ, რომელსაც საქართველოში მაინცდამაინც მხარდაჭერა არ აქვს. არ მგონია, რომ ეს არის სუბიექტი, ვისი მოსაზრებებიც შეიძლება, ანგარიშგასაწევი ან მხედველობაში მისაღები იყოს“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.