მიხეილ სარჯველაძე საკანონმდებლო ორგანოს რიგ მუხლებზე ამნისტიის გამოცხადების ინიციატივით მიმართავს
მიხეილ სარჯველაძე საკანონმდებლო ორგანოს რიგ მუხლებზე ამნისტიის გამოცხადების ინიციატივით მიმართავს

საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე საკანონმდებლო ორგანოს რიგ მუხლებზე ამნისტიის გამოცხადების ინიციატივით მიმართავს.

დეპუტატმა „ამნისტიის შესახებ“ კანონში ცვლილებები უკვე მოამზადა, რომელსაც 27 დეკემბრის ბიუროს სხდომაზე წარუდგენს.

კანონპროექტის თანახმად, 2020 წლის 5 მარტიდან 2020 წლის 25 მაისამდე, აგრეთვე 2020 წლის 28 ნოემბრიდან 2021 წლის პირველ იანვრამდე პერიოდში, სასამართლო განხილვამდე პატიმრობაში ყოფნის დრო ბრალდებულს ჩაეთვლება ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის ვადაში შემდეგი გაანგარიშებით – პატიმრობის ოთხი დღე – თავისუფლების აღკვეთის – ხუთი დღე.

პროექტით კონკრეტდება, რომ იმ შემთხვევაში, თუ ბრალდებულს, რომელიც 2020 წლის 5 მარტიდან 2020 წლის 25 მაისამდე, აგრეთვე 2020 წლის 28 ნოემბრიდან 2021 წლის პირველ იანვრამდე პერიოდში აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის აღსრულების მიზნით იმყოფებოდა პენიტენციურ დაწესებულებაში, სასჯელის სახით შეეფარდა უვადო თავისუფლების აღკვეთა, პენიტენციურ დაწესებულებაში აღნიშნულ პერიოდში ყოფნის თითოეული დღე მას ჩაეთვლება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 721 მუხლის პირველი ნაწილით ან იმავე კოდექსის 73-ე მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებულ სასჯელის ვადაში შემდეგი გაანგარიშებით – პატიმრობის ოთხი დღე – თავისუფლების აღკვეთის ხუთი დღე.

ამასთან, ცვლილებებით, იმ შემთხვევაში, თუ 2020 წლის 5 მარტიდან 2020 წლის 25 მაისამდე, აგრეთვე 2020 წლის 28 ნოემბრიდან 2021 წლის პირველ იანვრამდე პერიოდში, პირი პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფებოდა მსჯავრდებულის სტატუსით, სასჯელის სახით ვადიანი თავისუფლების აღკვეთის მოხდის დრო მას ჩაეთვლება საბოლოოდ მოსახდელი სასჯელის ვადაში შემდეგი გაანგარიშებით: სასჯელის მოხდის 4 დღე – თავისუფლების აღკვეთის 5 დღე.

ზემოთ აღნიშნულის გარდა, კანონპროექტის თანახმად, 2020 წლის 5 მარტიდან 2020 წლის 25 მაისამდე, აგრეთვე 2020 წლის 28 ნოემბრიდან 2021 წლის პირველ იანვრამდე პერიოდში, პენიტენციურ დაწესებულებაში სასჯელის სახით უვადო თავისუფლების აღკვეთის მოხდის დრო მსჯავრდებულს ჩაეთვლება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 721 მუხლის პირველი ნაწილით ან იმავე კოდექსის 73-ე მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებულ ვადაში შემდეგი გაანგარიშებით: სასჯელის მოხდის 4 დღე – თავისუფლების აღკვეთის 5 დღე.

ასევე კანონპროექტის მიხედვით, ამნისტიის ის ნაწილი, რომელიც ეხება პანდემიიდან გამომდინარე დაწესებული შეზღუდვების პერიოდში მოხდილი სასჯელის განსხვავებული წესით ჩათვლის წესს, არ გავრცელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1441-1443, 332- ე-3421 მუხლებით, აგრეთვე, არასრულწლოვანის მიმართ ჩადენილ სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე და 138-ე მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულებზე.

“წინამდებარე ამნისტიის აქტის პროექტი ასევე ითვალისწინებს ერთჯერადი, დროებითი და განსაკუთრებული ღონისძიების სახით, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან (გარდა უვადო თავისუფლების აღკვეთისა) იმ პირების გათავისუფლებას, რომლებმაც დანაშაული ჩაიდინეს 2004 წლის 1 იანვრამდე. უვადო თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულ პირებს დაკმაყოფილებულად ჩაეთვლება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 721 მუხლის პირველი ნაწილით ან იმავე კოდექსის 73-ე მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის ნაწილის მოხდის მოთხოვნა და შესაბამის ორგანოებს შეეძლებათ განიხილონ სასჯელის მოხდისგან გათავისუფლების პირობით ვადამდე გათავისუფლების ან დანიშნული სასჯელის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლის საკითხი“, – აღნიშნულია კანონპროექტში.

კანონპროექტში საუბარია იმაზე, რომ იუსტიციის მინისტრმა ერთი თვის ვადაში უნდა უზრუნველყოს სპეციალური წესის შემუშავება უვადო თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებული იმ პირებისათვის, რომლებსაც ამ კანონის საფუძველზე დაკმაყოფილებულად ჩაეთვალა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 721 მუხლის პირველი ნაწილით ან იმავე კოდექსის 73-ე მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის ნაწილის მოხდის მოთხოვნა.

„კანონპროექტით გათვალისწინებული ამნისტია ვრცელდება როგორც დამთავრებულ დანაშაულებზე, ისე მის მომზადებასა და მცდელობაზე. პირი, რომლის მიმართაც გავრცელდება ამნისტია, ჩაითვლება ნასამართლობის არმქონედ.

კანონპროექტით, სასჯელის სახით შეფარდებული ჯარიმა, რომელიც კანონის ამოქმედების მომენტისთვის აღსრულებულია, უკან დაბრუნებას არ ექვემდებარება. კანონპროექტის მიხედვით, ამნისტია არ გავრცელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, 109-ე, 1441-1443, 323-ე-3312, 404-ე-413-ე მუხლებით, აგრეთვე, არასრულწლოვანის მიმართ ჩადენილ სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე−141-ე და 253- ე−2552 მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულზე. ამ დანაშაულებზე ამნისტია არ გავრცელდება მიუხედავად მათი ჩადენის სტადიისა (მომზადება, მცდელობა ან დამთავრებული დანაშაული). გამონაკლისს წარმოადგენს 108-ე და 109-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულები, რომელთა მომზადებაზეც და მცდელობაზეც გავრცელდება ამნისტია.

კანონპროექტით გათვალისწინებული ნარკოტიკული დანაშაულის ჩამდენ პირს, რომელსაც კანონის ამოქმედების მომენტისთვის მოხდილი აქვს დანიშნული სასჯელი, აღუდგება „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებები (იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლების გარდა).

კანონპროექტით გათვალისწინებული ნარკოტიკული დანაშაულის ჩამდენ პირს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება აღუდგება საქართველოს იუსტიციის

სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს პირობითი მსჯავრის გაუქმების საკითხთა განმხილველი მუდმივმოქმედი კომისიის გადაწყვეტილებით, თუ პირი წარადგენს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სამედიცინო-ნარკოლოგიური შემოწმების ცნობას, რომლითაც დასტურდება, რომ პირი არ არის ნარკოტიკული საშუალებების მომხმარებელი”, – ნათქვამია პროექტში.

კანონპროექტით განსაზღვრულია ამნისტიის აღსრულების პროცედურები. პროექტის თანახმად, ამნისტიის აღსრულება უნდა დასრულდეს კანონის ამოქმედებიდან ერთი თვის ვადაში.