მიხეილ სარჯველაძე - საარჩევნო კანონმდებლობა სრულფასოვანია და ამ მიმართულებით, თვითმმართველობის არჩევნებს არავითარი პრობლემა არ აქვს
მიხეილ სარჯველაძე - საარჩევნო კანონმდებლობა სრულფასოვანია და ამ მიმართულებით, თვითმმართველობის არჩევნებს არავითარი პრობლემა არ აქვს

საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, საარჩევნო კანონმდებლობა სრულფასოვანია და ამ მიმართულებით, თვითმმართველობის არჩევნებს არავითარი პრობლემა არ გააჩნია.

ჟურნალისტებთან საუბარში მიხეილ სარჯველაძე „სამართლიანი არჩევნების“ დასკვნას გამოეხმაურა „საარჩევნო კოდექსში“ უკვე შეტანილ ცვლილებებზე.

სარჯველაძე აღნიშნავს, რომ „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებები არ არის ერთჯერადი, ეს არის საკმაოდ სტაბილური, კარგი ცვლილებები.

„უნდა გავითვალისწინოთ ის, რომ საარჩევნო რეფორმა საკმაოდ ფართო თანხმობის შედეგად იყო მიღებული. საარჩევნო კანონმდებლობამ მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა და ვფიქრობ, რომ ამ თვალსაზრისით ცვლილებების დაწუნების მიზეზი არ არსებობს. რაც შეეხება რეკომენდაციებს, არ მგონია, რომ ეს იდეები მოსწრებადი იყოს თვითმმართველობის არჩევნებამდე, სამომავლოდ, არაერთი მექანიზმი არსებობს, რომ რეკომენდაციები სადისკუსიოდ იქცეს. დამატებითი ახალი ინიციატივები არცერთ შემთხვევაში არ უნდა იყოს გაგებული ისე, როგორც ჩვენი არსებული საარჩევნო სისტემისა და კანონმდებლობის რაიმე ფორმით წუნი, საარჩევნო კანონმდებლობა სრულფასოვანია და არავითარი პრობლემა თვითმმართველობის არჩევნებს არ გააჩნია“, – განაცხადა სარჯველაძემ.

„სამართლიანმა არჩევნებმა“ და „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ საქართველოს პარლამენტის მიერ საარჩევნო კოდექსში შეტანილ ძირითადად ცვლილებებთან დაკავშირებით ერთობლივი შეფასებები და რეკომენდაციები გამოაქვეყნეს.