მიხეილ სარჯველაძე - რუსეთის პოზიცია ვერ შეიტანს დისონანსს იმ გეგმებში, რომელიც საქართველოს აქვს
მიხეილ სარჯველაძე - რუსეთის პოზიცია ვერ შეიტანს დისონანსს იმ გეგმებში, რომელიც საქართველოს აქვს

რუსეთის პოზიცია ვერ შეიტანს დისონანსს იმ გეგმებში, რომელიც საქართველოს აქვს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე კომენტირებისას აღნიშნა.

სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ 2008 წელს ნატო-ს ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება, რომ საქართველო და უკრაინა გახდებიან ნატო-ს წევრები, ევროპული უსაფრთხოების კონსტრუქციის ნაღმია. მისივე თქმით, ცეცხლს ეთამაშება ის, ვინც მუდმივად იმეორებს ბუქარესტის თეზისს და ამტკიცებს, რომ ნატო-ს გაფართოების საკითხებში მესამე მხარეს არ აქვს უფლება, გამოხატოს თავისი პოზიცია.

„გულწრფელად რომ გითხრათ, არც არის მოსალოდნელი ლავროვის მხრიდან სხვაგვარი განმარტებები, რუსეთის პოზიცია ამ მიმართულებით ცნობილია და გასაგებია. მიუხედავად ამისა, ეს დისონანსს ვერ შეიტანს ვერც ერთ შემთხვევაში იმ გეგმებში, რომელიც საქართველოს აქვს. არ მგონია, თანამედროვე მსოფლიო ცივილიზებული სამყაროს განწყობები იყოს ასეთი, როდესაც შეიძლება ასეთი ტიპის შანტაჟს დამორჩილდეს და ამან რამენაირად უარყოფითი გავლენა იქონიოს საქართველოს პერსპექტივებზე ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციასთან დაკავშირებით. საქართველო სუვერენული სახელმწიფოა, ის დამოუკიდებლად წყვეტს ასეთ საკითხებს. უმჯობესი რუსეთი შეეგუოს იმ აზრს, რომ საქართველო დიდი ხანია, გასულია რეალურად იმ ორბიტიდან, რასაც რუსეთის გავლენა ჰქვია. მსგავსი ტიპის განცხადებები რუსეთის მხრიდან ისმოდა მაგალითად იგივე ბალტიისპირულ ქვეყნებთან მიმართებაში, ვიდრე ისინი ნატო-ს წევრი ქვეყნები გახდებოდნენ, მიუხედავად ამისა, ეს არ გამხდარა ხელის შემშლელი ფაქტორი, რომ ის სამი ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკა გამხდარიყო ნატო-ს წევრი, ევროკავშირის წევრი. ვფიქრობ, გვაქვს საფუძველი ჩვენც რომ ანალოგიური გზა გავიაროთ და მივაღწიოთ ქართველი ხალხის სანუკვარ მიზანს“, – განაცხადა სარჯველაძემ.