მიხეილ სარჯველაძე - „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ უპრეცედენტოდ მაღალი მხარდაჭერა გამოუცხადა დევნილებს სოციალური საკითხების მოსაწესრიგებლად
„ქართული ოცნების“ ხელისუფლება ის ხელისუფლებაა, რომელმაც უპრეცედენტოდ მაღალი მხარდაჭერა გამოუცხადა დევნილებს სოციალური საკითხების მოსაწესრიგებლად, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ამორალურია, როცა ადამიანები ცალკეულ ტრაგედიებს საკუთარი პოლიტიკური მერკანტილური მიზნებით იყენებენ.
„მოწოდება იმის თაობაზე, რომ დევნილთა საერთო საცხოვრებელში არსებული ვითარება პირად კონტროლზე იყოს აყვანილი, არ ვიცი, პირადი და არაპირადი რით განსხვავდება ერთმანეთისგან, მაგრამ რეალურად, ჩვენ მიმდინარე მოვლენებს არათუ უბრალოდ ვადევნებთ თვალს, არამედ უშუალო კომუნიკაცია გვაქვს აღმასრულებელ ხელისუფლებასთან, მათგან ვითხოვთ ინფორმაციას და ვართ კოორდინაციაში. სამძიმარს ვუცხადებ გარდაცვლილის ოჯახის წევრებს. ძალიან მნიშვნელოვანია, ასეთ სენსიტიურ საკითხებზე სწორი შეფასებები გავაკეთოთ და არ შეიძლება, ობიექტურობა დავკარგოთ. ობიექტურობა მოითხოვს, აღინიშნოს, რომ რამდენიმე ფუნდამენტური საკითხი უნდა იყოს მხედველობაში მიღებული, როცა ამ საკითხების, თუნდაც, ტრაგედიის ირგვლივ გვექნება შეფასებები. „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ის ხელისუფლებაა, რომელმაც უპრეცედენტოდ მაღალი მხარდაჭერა გამოუცხადა დევნილებს სოციალური საკითხების მოსაწესრიგებლად. მართლაც უპრეცენდენტოდ მაღალია ამ მიმართულებით განხორციელებული აქტივობების ღირებულება, მასშტაბი, ინტენსივობა, რაც ორიენტირებულია რეალურ შედეგებზე, თუმცა ამის მიუხედავად, გადაუწყვეტელი პრობლემები რჩება, რაც მუშაობას მოითხოვს.
პრობლემების მასშტაბი რაც ქვეყანას აქვს, მნიშვნელოვანწილად განპირობებულია იმით, რომ წინა ხელისუფლების მმართველობის პერიოდში, ამ საკითხებს არათუ არასათანადო ყურადღება ეთმობოდა, არამედ მთლიანად იყო პრობლემა და საზოგადოების ეს ნაწილი იგნორირებული და დავიწყებული იყო, ესეც რეალობაა. ვაფასებ, რომ აღმასრულებელმა ხელისუფლებამ მზადყოფნა გამოავლინა, რომ მიმდინარე მწვავე და კრიზისული პრობლემების გადასაჭრელად შეთავაზებული ყოფილიყო ურგენტული გადაჭრის მეთოდი, რაც გამოიხატება ქირით გადაყვანაში და შემდეგ პრიოროტეტიზაცია გრძელვადიანი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად. ამ მიმართულებით თანამშრომლობა აქციის მონაწილეებმა და ხელისუფლებამ უნდა გააგრძელონ, რადგან ეს არის საკითხის გადასაჭრელად ყველაზე სწორი მოდელი. თუნდაც, იმ მიზეზების ფონზე, რაც უკვე ჩამოვთვალე და რაც მხედველობაშია მისაღები. ნათელია, რატომ ხდება საკითხთან დაკავშირებით პოლიტიკური სპეკულაციების მომრავლება. ამორალურია, როცა ადამიანები ცალკეულ ტრაგედიებს საკუთარი პოლიტიკური მერკანტილური მიზნებით იყენებენ“, – განაცხადა სარჯველაძემ.
ზღვისუბანში, სანატორიუმ „ქართლში“ მცხოვრები ერთ-ერთი დევნილი მამაკაცი შენობის სახურავიდან გადმოხტა და გარდაიცვალა. როგორც სანატორიუმ „ქართლთან“ შეკრებილები აცხადებენ, ის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსგან, ასევე საქართველოს მთავრობისგან ყურადღებას და დევნილთათვის საცხოვრებელ სახლებს ითხოვდა.