მიხეილ სარჯველაძე - ოლიგარქიზაციის პრობლემა არსებობს, როდესაც საუბარია მაგალითად, კეზერაშვილის ფაქტორზე, აშკარად იღვწის, რომ სახელისუფლებო ბერკეტები ჰქონდეს, ასეთივე მიდრეკილებები შეინიშნება ოპოზიციურად განწყობილ არაერთ პოლიტიკოსთან მიმართებაშიც
მიხეილ სარჯველაძე - ოლიგარქიზაციის პრობლემა არსებობს, როდესაც საუბარია მაგალითად, კეზერაშვილის ფაქტორზე, აშკარად იღვწის, რომ სახელისუფლებო ბერკეტები ჰქონდეს, ასეთივე მიდრეკილებები შეინიშნება ოპოზიციურად განწყობილ არაერთ პოლიტიკოსთან მიმართებაშიც

როდესაც საუბარია ოლიგარქიზაციის სინდრომზე და დეოლიგარქიზაციაზე, იქ არ შეიძლება, რაღაც საერთო კანონზომიერებები არ არსებობდეს, – განაცხადა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ სტუმრობისას.

„სამი სახელმწიფო ვიყავით, ასოცირებული ტრიო, რომელთან მიმართებაშიც ევროპამ მიიღო გადაწყვეტილება და სამივესთან თითქმის, ერთგვაროვანი პრობლემატიკა არსებობდა. უკრაინის, მოლდოვას და საქართველოს შემთხვევაში არსებობდა მსგავსი საკითხები, რომლებიც რეკომენდაციების სახით გაიცა ამ სამ სახელმწიფოსთან მიმართებაში. დეოლიგარქიზაციის მიმართულება ამ სამივე სახელმწიფოსთან მიმართებაში არის აქტუალური. განსხვავება, ერთადერთი, აღმოჩნდა უკრაინის შემთხვევაში და დეოლიგარქიზაციის კანონი, რომელიც უკრაინამ იმ დროისთვის უკვე მიიღო, იმის აღსრულების მოწოდება გაკეთდა. როგორ ფიქრობთ, ეს არ არის მითითება საიმისოდ, რომ ეს არის მოწონებული კანონპროექტი ევროკავშირის მხრიდან?! შესაბამისად, თუ ჩვენს ძალისხმევას ამ მიმართულებით მივმართავთ, ეს იქნება სწორედ ის მიმართულება, რომელიც ევროკავშირის მხრიდან მოაზრებულია, რომ ეს არის სწორი მიმართულება. რასაკვირველია, ეს იმას არ ნიშნავს, რომ კანონპროექტზე მუშაობის პროცესში არ უნდა გვქონდეს მსჯელობა ცალკეული დებულებების ადგილობრივ რეალობასთან მისადაგებაზე. თუმცა, როდესაც საუბარია ოლიგარქიზაციის სინდრომზე და დეოლიგარქიზაციაზე, იქ არ შეიძლება, რაღაც საერთო კანონზომიერებები არ არსებობდეს“, – განაცხადა სარჯველაძემ.

ამ განცხადებით მიხეილ სარჯველაძემ გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, რამდენად არის მორგებული ოლიგარქიის შესახებ უკრაინული კანონი საქართველოს რეალობასთან.

გიორგი გვიმრაძის შეკითხვაზე, დგას თუ არა საქართველოში რეალურად ოლიგარქიის პრობლემა, რომელსაც ამ კანონმა უნდა უპასუხოს, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა, რომ შესაძლოა, პრობლემის მასშტაბთან დაკავშირებით განსხვავებული შეხედულებები არსებობდეს, მაგრამ დიდი ალბათობით, საქართველოს ამ მიმართულებით პრობლემა აქვს, უბრალოდ, სხვადასხვა პოლიტიკურ პლატფორმაზე მყოფი ადამიანები ამ პრობლემას სხვადასხვაგვარად ხედავენ.

„ოლიგარქიზაციის პრობლემა დიახ, არსებობს, როდესაც საუბარი გვაქვს მაგალითად, კეზერაშვილის ფაქტორზე, რომელიც ზოგჯერ დაფარულად და ზოგჯერ ღიად, აშკარად იღვწის საიმისოდ, რომ სახელისუფლებო ბერკეტები ჰქონდეს. ის იღვწის, რომ ჰქონდეს პოლიტიკური მონაწილეობა ისეთი, რომელიც უზრუნველყოფს მისთვის მერკანტილური მოტივებით განპირობებულ რაღაც კომფორტს. ეს ფაქტია. სამწუხაროდ, ასეთივე მიდრეკილებები შეინიშნება არა მხოლოდ კეზერაშვილთან, არამედ სხვა ოპოზიციურად განწყობილ არაერთ პოლიტიკოსთან მიმართებაშიც. ოპოზიცია ცდილობს, მდგომარეობა ცოტა განსხვავებულად წარმოაჩინოს და ამას იმ პიროვნებასთან მიმართებაში აკეთებს, რომელსაც მაინცდამაინც ბევრი საყვედური არ ეთქმის ამასთან დაკავშირებით. როდესაც ბატონი ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში მოვიდა, ის მედია საშუალებების ფლობისგან საერთოდ გათავისუფლდა და ეს მისი შეგნებული, აბსოლუტურად გააზრებული გადაწყვეტილება. მაშინ, ადამიანებს უკვირდათ, რატომ გადადგა მან ასეთი ნაბიჯი, მაგრამ ახლა ხომ გასაგებია, ეს ნაბიჯი რატომ გადაიდგა?! დიახ, ეს ნაბიჯი იყო სამართლიანი. მას არავინ ექაჩებოდა, ეს ნაბიჯი გადაედგა, მაგრამ ეს გააკეთა. მოგვიანებით პერიოდში, ის საერთოდ დისტანცირდა პოლიტიკისგან. შემდეგ, დიდხანს იყო საუბარი იმასთან დაკავშირებით, რომ არაფორმალური მმართველობაა, მაგრამ წლების განმავლობაში არავის არავითარი კონკრეტული მტკიცებულება არ წარმოუდგენია“, – განაცხადა სარჯველაძემ.

მისი თქმით, საქართველოს კანონმდებლობით აქამდეც არსებობდა შეზღუდვები, რომელიც ფინანსურ რესურსებზე მეტი წვდომის გამო უსამართლო უპირატესობების შექმნის შესაძლებლობებისგან იცავს და რა თქმა უნდა, ამ კანონმდებლობას დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონი ვერ ჩაანაცვლებს, მაგრამ ამ კანონმდებლობის არსებობის მიუხედავად, ევროკავშირის მხრიდან შემოვიდა რეკომენდაცია, რომ რაღაც კიდევ არის გასაკეთებელი, რაც დამატებით უნდა გაკეთდეს.

„ამიტომ მოგვიწია ფიქრი იმაზე, რა შეიძლება, იყოს გაუმჯობესება დეოლიგარქიზაციის მიმართულებით, ანუ, პრევენციისთვის, რომ ოლიგარქიული მიდრეკილებების მქონე ადამიანებმა პოლიტიკის კეთების პროცესზე უსამართლო გავლენა არ იქონიონ“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

როგორც სარჯველაძემ ასევე აღნიშნა, ფაქტია, მათ შორის, ოპოზიციის და ოპოზიციურად განწყობილი რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის მეცადინეობამ და არც თუ კეთილსინდისიერმა ნამუშევარმა შექმნა შთაბეჭდილება, რომელზე დაყრდნობითაც ევროკავშირმა ჩათვალა, რომ საქართველოს დღეს მოქმედი კანონმდებლობა საკმარისი არ არის დეოლიგარქიზაციის მიმართულებით და ქვეყანას კიდევ რაღაც ნაბიჯის გადადგმა სჭირდება.