მიხეილ სარჯველაძე - „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ხელისუფლებას აკრიტიკებდნენ, რომ ახლა ერთიანობის დროა და რა წამს ერთიანობის პირობა რეალური გახდა, გაემიჯნენ
მიხეილ სარჯველაძე - „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ხელისუფლებას აკრიტიკებდნენ, რომ ახლა ერთიანობის დროა და რა წამს ერთიანობის პირობა რეალური გახდა, გაემიჯნენ

ვფიქრობ, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ერთგვარი კონსპირაციების გზით ცდილობდნენ გარკვეული პროვოკაციების მოწყობას, პროვოკაციები დაწყებული წვრილმანი დესტრუქციული მოქმედებებით, დამთავრებული თუნდაც სერიოზული ქმედებებით, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ უკრაინაში ჩასვლასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, საბოლოოდ გამოაშკარავდა და ვინმესთვის თუ კითხვის ნიშანი არსებობდა, ცხადი გახდა, რომ იმთავითვე, ამ თემით სპეკულირება ხდებოდა ოპოზიციის არაერთი წარმომადგენლის მხრიდან.

„ნაცვლად იმისა, რომ გვეთქვა და ხელი აგვეღო, ამ შემთხვევაში ჩვენ ყველას ამ თემით მანიპულირებისგან, „ნაციონალური მოძრაობა“ კვლავ ერთგული დარჩა ამ პრინციპისა, რომ უკლებლივ ყველა თემა, მიუხედავად იმისა, ეთიკურად დასაშვებია თუ არა ეს, მაინც გამოიყენება მათი ვიწროპარტიული ინტერესებისთვის.

ამის ნათელი დადასტურება იყო ის, რომ მიუხედავად მათ მიერ ატეხილი დიდი აჟიოტაჟისა, შემდგომ ისინი არ შეუერთდნენ ამ შემთხვევაში ერთიან შემადგენლობას. მნიშვნელოვანი იყო და ალბათ კარგი იქნებოდა, ამ ვიზიტით, უკრაინაში ჩასვლით ერთიანობის დემონსტრირება ყოფილიყო. ამ პრინციპს უღალატეს და გადადგეს სხვა ნაბიჯი. ვფიქრობ, ერთგვარი კონსპირაციების გზით ცდილობდნენ გარკვეული პროვოკაციების მოწყობას. პროვოკაციები ბევრი თვალსაზრისით შეიძლება, იქნას განხილული, დაწყებული წვრილმანი დესტრუქციული მოქმედებებით, დამთავრებული თუნდაც სერიოზული ქმედებებით. რომელი სერიოზული ქმედებებითაც მათ შორის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიც დაინტერესდა.

სხვას საყვედურობდნენ, რომ ახლა ის დროა, როდესაც ერთიანობა უნდა ვაჩვენოთ და ხელისუფლებას აკრიტიკებდნენ ამის გამო და რა წამს ასეთი ერთიანობის პირობა რეალური გახდა მათთვის, ისინი ამას გაემიჯნენ. ეს არის მოცემულობა, რომელიც ყველა ეტაპზე, ნებისმიერ მოვლენასთან დაკავშირებით შეგიძლიათ, ზუსტად იგივე პრინციპით შეაფასოთ და აღმოაჩინოთ, რომ ეს არის „ნაციონალური მოძრაობისთვის“ დამახასიათებელი მეთოდი და სტილი“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ამასთან, მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები უმაღლესი დონის შეხვედრებს ვერ გამართავენ.

„ვერ გამართავენ, რადგან უმაღლესი დონის შეხვედრა ჰქვია, როდესაც ორი სახელმწიფოს უმაღლესი თანამდებობის პირები ხვდებიან ერთმანეთს. ამიტომ ეს შეუძლებელია. არ ვიცი, ვის მოიაზრებენ უმაღლესი თანამდებობის პირებად“, – აღნიშნა სარჯველაძემ.

სარჯველაძემ კომენტარი გააკეთა ასევე უკრაინაში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის ჩასვლასთან დაკავშირებით.

„მარგველაშვილის ნაწილს რაც შეეხება, ნამდვილად უსიამოვნო სანახავი იყო, ჩემთვის პირადად, ადამიანურად. მაგალითად, ბატონი მარგველაშვილის ნახვა იმ გალერეაში, იმ ადამიანებთან ერთად, რომლებიც ჩამწკრივებული იყვნენ. ეს ნამდვილად არ იყო სასიამოვნო სანახავი და სურათს რომ თავი დავანებოთ, გაცილებით უფრო უსიამოვნო იყო იმის აღქმა, რომ რეალურად სადამდე შეიძლება, მიიყვანოს პოლიტიკურმა მერკანტილიზმმა ამ შემთხვევაში ცალკეული ადამიანები, რომლებიც მხოლოდ იმის გამო, რომ საერთო ოპონენტი ჰყავდეთ, აერთიანებს სრულიად რადიკალურად განსხვავებული პრინციპებისა და ღირებულებების მქონე ადამიანებს, რაც მეტყველებს იმაზე, რომ შეიძლება ვსაუბრობდეთ ისეთ შემთხვევებზე, როდესაც ამ ადამიანებს რეალურად არც არასდროს ჰქონიათ და არც ახლა აქვთ ღირებულებები“, – განაცხადა სარჯველაძემ.

გუშინ ცნობილი გახდა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები – ეკა ხერხეულიძე, კობა ნაყოფია, ნიკა მელია და საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი უკრაინაში იმყოფებიან.