მიხეილ სარჯველაძე - მსოფლიოს, უპირველესად უკრაინას და უკრაინელ ხალხს ყველაზე ნაკლებად სჭირდება ომი, ყველას მიმართ ჩვენი მოწოდება იქნება, გავაკეთოთ მაქსიმუმი უაზრო საბრძოლო მოქმედებების თავიდან ასაცილებლად
მსოფლიოს, უპირველესად უკრაინას და უკრაინელ ხალხს ყველაზე ნაკლებად სჭირდება ომი და ურთიერთობების ესკალაცია, ყველას მიმართ ჩვენი მოწოდება იქნება, გავაკეთოთ მაქსიმუმი უაზრო საბრძოლო მოქმედებების თავიდან ასაცილებლად, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.
მისი თქმით, მდგომარეობა უაღრესად მძიმეა, რადგან შექმნილია ღრმა კრიზისული მდგომარეობა.
„ეს შემაშფოთებელია, ვინაიდან თანამედროვე მსოფლიოს, უპირველესად უკრაინას და უკრაინელ ხალხს ყველაზე ნაკლებად სჭირდება ომი და ურთიერთობების ესკალაცია. ჩვენი მოწოდება ყველას მიმართ იქნება, რომ გავაკეთოთ მაქსიმუმი, რათა ეს უაზრო საბრძოლო მოქმედებები თავიდან იქნას აცილებული. ეს არის ძალზე მნიშვნელოვანი და საერთაშორისო თანამეგობრობამ ბუნებრივია, ყველაფერი უნდა გააკეთოს ამისთვის. იმისთვის, რომ ნებისმიერი აგრესია, შეიარაღებული კონფლიქტი თავიდან იქნას არიდებული, მით უმეტეს ისეთი ფართომასშტაბიანი კონფლიქტი, როგორსაც ვარაუდობენ, რომ შეიძლება იყოს. ეს არის უკიდურესად შემაშფოთებელი რამ და დღეს კაცობრიობას შეიძლება, ამაზე უფრო მწვავე პრობლემა არც ჰქონდეს დღის წესრიგში“, – განაცხადა სარჯველაძემ.
მისივე თქმით, უკრაინის საკითხთან მიმართებით საქართველო ჩართულია როგორც საერთაშორისო თანამეგობრობის, ცივილიზებული სამყაროს ნაწილი.
„ჩვენ გვაქვს რუსეთთან პრობლემები, რომელიც დაკავშირებულია ტერიტორიულ მთლიანობასთან და რუსეთის სახელმწიფოს აგრესიასთან. შესაბამისად, გარკვეული მსგავსებები არსებობს ჩვენი, როგორც ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის სურვილისა და ამბიციის მქონე სახელმწიფოსთვის, ანალოგიური მისწრაფებები გააჩნია უკრაინის სახელმწიფოს. ასეთი საფრთხეების გაანალიზებისას ჩვენთვის ორმაგად მნიშვნელოვანია ამ შემთხვევაში ამ კონფლიქტთან შეწინააღმდეგება“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.