მიხეილ სარჯველაძე - ირაკლი კობახიძის განცხადება არის აშშ-ისთვის თანამშრომლობის ინტენსიფიკაციისთვის გაწვდილი ხელი, რომ ვაფასებთ და ვუფრთხილდებით პარტნიორებთან კეთილმეგობრულ ურთიერთობას
ვფიქრობ, ეს არის აშშ-ისთვის თანამშრომლობის ინტენსიფიკაციისთვის გაწვდილი ხელი, იმის თქმა, რომ ვაფასებთ, ვუფრთხილდებით სტრატეგიულ პარტნიორებთან თანამშრომლობას და ვისურვებდით, რომ გაცილებით ინტენსიური იყოს ეს თანამშრომლობა, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ სტრატეგიულ პარტნიორებთან დაკავშირებით საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.
როგორც სარჯველაძემ განაცხადა, ამ შეთავაზების საპასუხო ნაბიჯი იქნება ქართულ-ამერიკული ურთიერთობების უფრო მაღალ ხარისხში აყვანა.
„მომეჩვენა, რომ ძალიან სწორი აქცენტები იყო გაკეთებული ირაკლი კობახიძის განცხადებაში და შეფასებაში. ვფიქრობ, ეს არის აშშ-ისთვის თანამშრომლობის ინტენსიფიკაციისთვის გაწვდილი ხელი. რეალურად, ეს არის საქართველოს ხელისუფლების მხრიდან იმის თქმა, რომ ვაფასებთ, განსაკუთრებულად ვუფრთხილდებით სტრატეგიულ პარტნიორებთან თანამშრომლობას, კეთილმეგობრულ ურთიერთობას. ვგულისხმობ, შეერთებულ შტატებს. ვისურვებდით, რომ გაცილებით ინტენსიური და აქტიური იყოს ეს თანამშრომლობა, მეგობრობა. ასე მესმის ირაკლი კობახიძის განცხადება. ძალიან დიდი იმედი მაქვს, შეერთებული შტატები ზუსტად ასეთივე კეთილგანწყობილი იქნება. ამ შეთავაზების საპასუხოდ შემდგომი ნაბიჯი იქნება, რომ ამას მოჰყვება უფრო მაღალ ხარისხში ქართულ-ამერიკული ურთიერთობების აყვანა. ეს შეიძლება გამოიხატებოდეს სავაჭრო ურთიერთობების გამარტივებაში ან ინტენსიური გახდეს ეს ყველაფერი. ეს მისასალმებელი და ერთმნიშვნელოვნად სწორი ნაბიჯი იქნებოდა“, – განაცხადა სარჯველაძემ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გუშინ განაცხადა: „ჩვენი მხრიდან არის მაქსიმალური სურვილი, რომ გაღრმავდეს სტრატეგიული პარტნიორობა როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ისე ჩინეთთან“.