მიხეილ სარჯველაძე განმარტავს, ვის ეხება საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც მოქალაქეებს კოვიდრეგულაციების დარღვევის გამო დაკისრებული ჯარიმებისგან ათავისუფლებს
მიხეილ სარჯველაძე განმარტავს, ვის ეხება საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც მოქალაქეებს კოვიდრეგულაციების დარღვევის გამო დაკისრებული ჯარიმებისგან ათავისუფლებს

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, კოვიდპანდემიის დროს დაკისრებული ჯარიმების ჩამოწერასთან დაკავშირებით განკარგულების პროექტის მომზადება ძალიან მნიშვნელოვანია.

მისივე განმარტებით, საკანონმდებლო ინიციატივა უკავშირდება კოვიდპანდემიის დროს რეგულაციების დარღვევის გამო ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან, ზოგიერთ შემთხვევაში კი სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან პირთა გათავისუფლებას.

„დღეს საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, დაემტკიცებინა საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც მომზადდა ჩვენი სამინისტროს მიერ შინაგან საქმეთა სამინის, იუსტიციის, ფინანსთა სამინისტროსთან თანამშრომლობით. ინიციატივა უკავშირდება კოვიდპანდემიის დროს არსებული რეგულაციების დარღვევის გამო გათვალისწინებულ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან, ზოგიერთ შემთხვევაში, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან, სახდელებისგან პირთა გათავისუფლებას.

ამ დროისთვის არც თუ ისე მცირეა პირთა წრე, რომელსაც, საქართველოს პარლამენტის მხრიდან გაზიარების შემთხვევაში, საკანონმდებლო ინიციატივა შეეხება. მნიშვნელოვანი რიცხვია, დაახლოებით 1855 ფიზიკური პირია, რომელსაც ამ დროისთვის ერიცხება დავალიანება ადმინისტრაციული სახდელის სახით და 38 იურიდიული პირია. თანხის მოცულობა დაახლოებით ექვს მილიონამდეა.  საკანონმდებლო ინიციატივა მოიწონა მთავრობამ, შესაბამისად, ის გაიგზავნება საქართველოს პარლამენტში. მოთხოვნილი იქნება კანონპტროექტის დაჩქარებული წესით განხილვა. დიდი იმედი მაქვს, კანონპროექტს პარლამენტის მხრიდან მხარდაჭერა ექნება და ის იქცევა კანონად. შესაბამისად, საკანონმდებლო რეგულაციის ადრესატებს გარკვეული შეღავათი ექნებათ. იმ ფონზე, როცა გადავლილია პანდემიური პერიოდი, პრაქტიკულად, დაკარგა მნიშვნელობა, ფუნქცია ამ წესებმა, სახელმწიფოს მხრიდან ამგვარი შეღავათის გათვალისწინება რელევანტურია, რაც ამ ფონზე ყოველმხრივ გამართლებულია“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.