მიხეილ სარჯველაძე - ევროპარლამენტარები თუ ცდილობენ ვინმეს დარწმუნებას, თითქოს სააკაშვილს ხელისუფლება ებრძვის, ეს იქნება არასწორი
„დემარში“ მაინც და მაინც ნეგატიური ცნება და კატეგორია არ არის. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ვინმე ვინმეს მიმართ საყვედურს გამოხატავს. ყველაფერი დამოკიდებულია შინაარსზე, რომელიც წარიმართა და განსახილველია, რა თხოვნა იყო დემარშით წარმოდგენილი, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ევროპარლამენტარები თუ ცდილობენ ვინმეს დარწმუნებას, თითქოს სააკაშვილს ხელისუფლება ებრძვის, ეს იქნება არასწორი.
„ნებისმიერი ფორმით კომუნიკაციას მივესალმები, ვინც დაინტერესებულია სააკაშვილის, როგორც პატიმრის უფლებებით და მისი ჯანმრთელობის საკითხებით, რაც შეიძლება მეტი იყოს სწორი ინფორმაციის წყარო, თორემ დამახინჯებული სინამდვილე საქართველოდან უცხოეთში ნიაღვარად მიედინება, რაც ინსინუაციებისთვის მიზეზებს აჩენს. ინფორმაცია მაქვს, რაც მშვიდად ყოფნის საშუალებას მაძლევს, რადგან ვიცი, რომ ყველა უფლება და სტანდარტი, რაც ავადმყოფ პატიმართან მიმართებაში დაცული უნდა იყოს, დაცულია. ახლა მისი ჯანმრთელობის გაუმჯობესებას სჭირდება პატიმრის თანამშრომლობა და შეთავაზებულ რეკომენდაციებზე დათანხმება. ამ დრომდე, რასაც თავად სააკაშვილისა და მისი მომხრეებისგან ვისმენთ, მომხრე არიან, მისი მდგომარეობა მძიმე იყოს, რაზეც საკუთარ პოლიტიკურ მოთხოვნას ამყარებენ. ევროპარლამენტარები თუ ცდილობენ ვინმეს დარწმუნებას, თითქოს სააკაშვილს ხელისუფლება ებრძვის, ეს იქნება არასწორი. მის ჯანმრთელობას თუ გადარჩენა სჭირდება, ამისთვის მათ, პირველ რიგში, თავად სააკაშვილს უნდა მოუწოდონ, რომ ის სამედიცინო რეკომენდაციები შეასრულოს, რაც მისცეს“, – განაცხადა სარჯველაძემ.
საქართველოში ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი, შვედეთის ელჩთან ერთად, გუშინ იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძეს შეხვდა. როგორც შეხვედრის შემდეგ პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა, ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის სახელით, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით იუსტიციის მინისტრს დემარში გადასცა.