პაველ ჰერჩინსკი აცხადებს, რომ ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის სახელით, სააკაშვილთან დაკავშირებით იუსტიციის მინისტრს დემარში გადასცა
პაველ ჰერჩინსკი აცხადებს, რომ ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის სახელით, სააკაშვილთან დაკავშირებით იუსტიციის მინისტრს დემარში გადასცა

საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის განცხადებით, შვედეთის ელჩთან ერთად, ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის სახელით, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით იუსტიციის მინისტრს დემარში გადასცა.

მისივე თქმით, იუსტიციის მინისტრმა მათ მიაწოდა ინფორმაცია, რას აკეთებს საქართველოს მთავრობა, რომ მიხეილ სააკაშვილის უფლებები უზრუნველყოს.

„შვედეთის ელჩთან ერთად, რომელიც წარმოადგენს ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანას, იუსტიციის მინისტრს ყოფილ პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ოფიციალური დემარში მივაწოდეთ. მისი ჯანმრთელობის გაუარესების გამო ძალიან შეშფოთებული ვართ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს დემარში ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის მიერაა შეთანხმებული. წევრმა ქვეყნებმა ეს დემარში ბრიუსელში, ევროკავშირის 27-ვე წევრის მონაწილეობით შეათანხმეს. ჩვენ გვქონდა ძალიან ღია და გულწრფელი საუბარი იუსტიციის მინისტრთან. ჩვენ წარმოვადგინეთ ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფოს მიერ შეთანხმებული ევროკავშირის პოზიცია და იუსტიციის მინისტრმა გვაცნობა, რას აკეთებს საქართველოს მთავრობა, რომ ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, როგორც ბრალდებულის და პატიმრის უფლებები უზრუნველყოს. სინამდვილეში, ეს არ იყო პირველი მსგავსი შეხვედრა. პირველად თბილისში ევროკავშირის ახალ ელჩად ჩამოსვლისთანავე შევხვდი იუსტიციის მინისტრს. მოგვიანებით, დეკემბერში ევროკავშირის ელჩებთან მინისტრის მორიგი შეხვედრა გაიმართა. ასე რომ, ეს არის დიალოგი, რომელიც გრძელდება. ამჯერად განსხვავება ის იყო, რომ მთხოვეს, იუსტიციის მინისტრისთვის ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფოს მიერ შეთანხმებული ევროკავშირის პოზიცია წარმედგინა. მაქვს მუდმივი დიალოგი პრემიერთან, ასევე პერიოდულად ვხვდები პრეზიდენტს და ძალიან ღიად განვიხილავთ ყველა საკითხს. საქართველოს განვიხილავთ ჩვენს პარტნიორად, ძალიან ახლო პარტნიორად. ამიტომ ჩემთვის, როგორც ევროკავშირის ელჩისთვის, მნიშვნელოვანია, საქართველოში გადაწყვეტილების მიმღებ მთავარ პირებთან მქონდეს წვდომა და ვიყო დარწმუნებული, რომ ჩვენ ყველა მნიშვნელოვან საკითხს ძალიან ღიად და გულწრფელად განვიხილავთ“, – განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.