მიხეილ სარჯველაძე - ერთი პირის მეორით შეცვლა არ ნიშნავს, რომ რაღაც ცუდი იყო და ახლა კარგზე უნდა გადავერთოთ, შიდა დემოკრატიული პროცესები შესაძლებლობების კონფიგურაციათა ძიებას მოითხოვს
ერთი პირის მეორით შეცვლა არ ნიშნავს, რომ რაღაც ცუდი იყო და ახლა კარგზე უნდა გადავერთოთ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.
როგორც მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, არავის აქვს მიზეზი და არც საჭიროება, რომ კონსპირაციების თეორიები და ისეთი ახსნა ეძებოს, რაც ოპოზიციას კრიტიკისთვის ხელმოსაჭიდ საშუალებას გაუჩენს.
„მიზეზები საკმარისად კარგად აიხსნა, რამაც მმართველ პარტიას გადაწყვეტილება მიაღებინა. ვფიქრობ, ეს იყო საჭიროება და მიზანშეწონილობა არა არჩევნებისთვის, არამედ ქვეყნისთვის. არ ვფიქრობ, რომ საკადრო ცვლილებები მმართველობაში პრობლემაა და ეს ცვლილებები იმის გამო გაკეთდა, რომ რაღაც ვერ გაკეთდა. შიდა დემოკრატიული პროცესები შესაძლებლობების კონფიგურაციათა ძიებას მოითხოვს. ეს იყო აბსოლუტურად მართებული. ერთი პირის მეორით შეცვლა არ ნიშნავს, რომ რაღაც ცუდი იყო და ახლა კარგზე უნდა გადავერთოთ. რაც შეეხება მთავრობის დამტკიცების საკითხს, ეს დამოკიდებულია საკითხების თანმიმდევრობაზე. ჩემი ვარაუდით, ალბათ პრეზიდენტის მოსმენა უფრო ადრე იქნება, ვიდრე მთავრობის დამტკიცება. სავარაუდოდ, ასე იქნება“, – განაცხადა სარჯველაძემ.
შეგახსენებთ, ირაკლი ღარიბაშვილმა გუშინ განაცხადა, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობას ტოვებს. მისივე თქმით, პოლიტსაბჭოსგან მიიღო შეთავაზება, დაიკავოს პარტიის თავმჯდომარის თანამდებობა და ამასთან დაკავშირებით ყრილობა გაიმართება პირველ თებერვალს.
ამასთან, გუშინ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ დაადასტურა, რომ პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ირაკლი კობახიძის კანდიდატურა განიხილება.