მიხეილ სარჯველაძე - დეოლიგარქიზაციის კანონპროექტზე მუშაობის პროცესმა ოპოზიციის დესტრუქციული სახე ყველაზე კარგად გამოააშკარავა, ოპოზიციის განწყობები ცხადი გახადა
მიხეილ სარჯველაძე - დეოლიგარქიზაციის კანონპროექტზე მუშაობის პროცესმა ოპოზიციის დესტრუქციული სახე ყველაზე კარგად გამოააშკარავა, ოპოზიციის განწყობები ცხადი გახადა

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, დეოლიგარქიზაციის კანონპროექტზე მუშაობის პროცესმა ოპოზიციის დესტრუქციული სახე ყველაზე კარგად გამოააშკარავა.

ჟურნალისტებთან საუბრისას მიხეილ სარჯველაძემ „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტის ვენეციის კომისიაში გაგზავნის საკითხზეც გააკეთა კომენტარი.

„დეოლიგარქიზაციის კანონპროექტზე მუშაობის პროცესმა ყველაზე კარგად გამოააშკარავა ოპოზიციის დესტრუქციული სახე. ოპოზიციის იმ ნაწილის, რომელსაც გეგმაში აქვს, რამენაირად ხელი შეუშალოს საქართველოს მიერ წინაპირობების შესრულებას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად. გასაგებია, ამას რატომ აკეთებენ, მაგრამ ამ კანონპროექტმა ოპოზიციის დესტრუქციული განწყობები მეტად ცხადი გახადა.

მიუხედავად იმისა, რომ ვარჰეის მხრიდან გამოხატული იყო პოზიცია ყველა საკითხზე, რასაც ოპოზიციის ერთი ნაწილი საკამათოდ სვამდა, ისინი დესტრუქციულ დამოკიდებულებას მაინც ინარჩუნებენ და ცდილობენ, ვალდებულებების შესრულებას ხელი შეუშალონ. ოპოზიციის მხრიდან შეთავაზება იყო, რომ დეოლიგარქიზაციის პუნქტზე არაფერი გაგვეკეთებინა და 11 პუნქტის შესრულების იმედად ვყოფილიყავით. მათი მხრიდან კანონპროექტზე არც ერთი არგუმენტი არ ყოფილა.

რაც შეეხება ვენეციის კომისიაში გაგზავნას, ეს არ არის თვითმიზანი. ასეთ დროს მნიშვნელოვანია, გავიგოთ ავტორიტეტული შეფასება, როგორ ხედავს ვენეციის კომისია ამა თუ იმ საკანონმდებლო ცვლილებას. ვენეციის კომისიაში მსგავსი კანონპროექტი დასკვნისთვის აქვს გაგზავნილი უკრაინას და თუ ამასობაში დასკვნა იქნება, იმავე დასკვნის შემცველი იქნება, რაც საქართველოსთვის. დამოუკიდებლად გაგზავნა და პროცედურების შეჩერების აუცილებლობა არც გამოკვეთილა და არც ამის საჭიროება არსებობს“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.