მიხეილ სარჯველაძე - დანილოვმა ღიად თქვა, რომ უკრაინის ინტერესშია, საქართველომ და მოლდოვამ ომი წამოიწყონ, ოპოზიცია კი საუბრობდა, რომ ჩვენი განცხადებები კონსპირაციის თემები იყო
დანილოვი გამოვიდა და ღიად ამბობს, რომ უკრაინის ინტერესშია, რომ საქართველომ და მოლდოვამ ომი წამოიწყონ, ეს ეწინააღმდეგება საღ აზრს. ოპოზიციის ისტერია დამთავრდა, სადაც გაქილიკებას ცდილობდნენ იმ განცხადებების, რაც დაკავშირებული იყო საქართველოში ომის წამოწყების სურვილებთან, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.
მიხეილ სარჯველაძემ კომენტარი გააკეთა უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივან ალექსეი დანილოვის განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც, „საქართველო და მოლდოვა რუსეთისგან ტერიტორიების გათავისუფლებას უკრაინაში ომის დროს თუ დაიწყებდნენ, ერთად უფრო სწრაფად მოვაგვარებდით ტერიტორიების დაბრუნების საკითხს, მაგრამ ეს მათი მთავრობების გადაწყვეტილებაა“.
მისივე თქმით, „ოპოზიცია საუბრობდა, რომ ჩვენი განცხადებები კონსპირაციის თემები იყო და არადამაჯერებელი“.
„ახლა იგივე ადამიანებს შეგიძლიათ, ჰკითხოთ – უცხოეთსა და საქართველოში არსებობენ თუ არა პოლიტიკოსები, ვინც ისურვებდნენ, რომ საქართველოში ომი მიმდინარეობდეს. რა თქმა უნდა, კითხვა რიტორიკულია, მაგრამ ყველაფერი ნათელია. კაცი გამოვიდა და ღიად ამბობს, უკრაინის ინტერესშია, რომ საქართველომ და მოლდოვამ ომი წამოიწყონ. რა თქმა უნდა, ეს ეწინააღმდეგება საღ აზრს. ოპოზიციის ისტერია დამთავრდა, სადაც გაქილიკებას ცდილობდნენ იმ განცხადებების, რაც დაკავშირებული იყო საქართველოში ომის წამოწყების სურვილებთან.
ზოგიერთი ევროპარლამენტარი, რომელიც გამოირჩევა საქართველოს მიმართ დაუძინებელი მეგობრობით, ის ხალხი ვითარებას ისე წარმოაჩენდა, თითქოს, ჩვენ რაღაცები გვეჩვენება, არაფერი გვეჩვენება. დანილოვი წინა განცხადებებში ბევრად უფრო როყიოდ ამბობდა, რომ მხოლოდ უკრაინელი ბავშვები და ქალები არ უნდა იღუპებოდნენ. როგორც ჩანს, დანილოვს ნაკლები დიპლომატიური უნარები აქვს, არაფერს ნიღბავს და ამ ყველაფერს პირდაპირ იძახის. ვიღაცები უფრო შეფარულ საუბარს ახერხებენ. ამ კაცმა ეს მეორედ თქვას. არანაკლებად გაჭირვებია საქართველოს და უმძიმესი დრო გვაქვს გავლილი. პირადად მე, არასდროს არ გამჩენია მსგავსი სურვილი მეგობარი სახელმწიფოს მიმართ. ახლა ყველაფერი თავის ადგილას დაალაგე – რატომ მოხდა უსაფუძვლოდ ელჩის გაწვევა და ჩვენი ელჩის გამოძევება. ასევე სააკაშვილის მხარდაჭერა და ბანდეროლით საქართველოში გამოგზავნა? – ეს არის ყველაფრის თავი და ბოლო. უკრაინასთან კონფრონტაცია რატომ და როდის დაიწყო, ყველასთვის გასაგებია. ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში ვრჩებით“, – განაცხადა სარჯველაძემ.