მიხეილ სარჯველაძე - დაახლოებით 1 500-ია რიცხვი პატიმრებისა, რომლებსაც უშუალოდ შეეხებათ ამნისტია
მიხეილ სარჯველაძე - დაახლოებით 1 500-ია რიცხვი პატიმრებისა, რომლებსაც უშუალოდ შეეხებათ ამნისტია

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე აცხადებს, რომ საზოგადოებას აქვს შესაძლებლობა, გაეცნოს „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტის შეჯერებულ ვერსიას, რომელიც გამოქვეყნებულია.

სარჯველაძის თქმით, დაახლოებით 1500-ია რიცხვი პატიმრებისა, რომლებსაც უშუალოდ შეეხებათ ამნისტია.

„არის შეჯერებული ვერსია, რომელთა დაკავშირებითაც არსებობს მზადყოფნა, რომ ის გაზიარებულ იქნას პარლამენტის მხრიდან და იქცეს კანონად. დაახლოებით 1 500-ია რიცხვი პატიმრებისა, რომლებსაც უშუალოდ შეეხება ეს ამნისტია, დაახლოებით 6 000 პრობაციონერის სტატუსს შეცვლის ეს და ასევე 4 000 ადამიანია, რომელსაც დაკისრებული აქვს 2012 წლის 1 ოქტომბრამდე სასამართლოს განაჩენებით შესაბამისი ჯარიმები, ეს ჯარიმებიც ამნისტირებას ექვემდებარება.

80-ზე მეტია მუხლების რაოდენობა, რასაც კანონი ითვალისწინებს. გარკვეულ შემთხვევაში, იქ, სადაც მხოლოდ პირველ ნაწილებზე გვქონდა აქცენტი აღებული და ამას ითვალისწინებდა კანონპროექტი, დაემატა ზოგიერთ შემთხვევაში, ზოგიერთი დამამძიმებელი გარემოებით მომდევნო ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულები, უპირატესად იქ, სადაც დამამძიმებელ გარემოებას რამე ძალადობრივი აქტი არ წარმოადგენდა, არამედ იყო მაგალითად ოდენობა განმსაზღვრელი. ამ შემთხვევაში ზიანის ანაზღაურების პირობით იქნა დაშვებული ამნისტიისთვის გარკვეული გაფართოების შესაძლებლობა.

ძალიან მნიშნველოვანია, რაც შეიძლება სწრაფად განხორციელდეს კანონით განსაზღვრული შეღავათები კონკრეტულ პირებთან მიმართებაში, ამიტომ გავითვალისწინეთ კონკრეტული პერიოდი, რომლის განმავლობაშიც შესაბამისი სამართალდამცავი ორგანოები, სასამართლო ვალდებული იქნებიან, განიხილონ ეს საკითხი, შესაბამისად, კონკრეტული კუთვნილი შეღავათით სარგებლობა მიანიჭონ იმ კონკრეტულ პირებს, ვისაც შეეხება ამნისტია“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.