მიხეილ სარჯველაძე - არსებობს მაღალი რისკი, რომ ადამიანების გულწრფელი პროტესტი შესაძლებელია, არაკეთილსინდისიერად გამოიყენოს ქვეყნის ბევრმა არაგულშემატკივარმა
ხელისუფლებასაც აქვს ბევრი რამ სათქმელი ადამიანებისთვის, რომლებიც პროტესტს გამოხატავენ, იმავდროულად მოსასმენიც აქვს ამ ხალხისგან, ამიტომ ალბათ დიალოგი, მეტი კომუნიკაცია იქნება სწორი მიმართულება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, არსებობს რისკი, რომ „ნამახვანჰესის“ მშენებლობასთან დაკავშირებით ადამიანების გულწრფელი პროტესტი შესაძლოა, ქვეყნის არაკეთილმოსურნეებმა გამოიყენონ.
„რა თქმა უნდა, უმნიშვნელოვანესია, რომ დაცული იყოს გამოხატვის თავისუფლება. ყველას აქვს უფლება, გამოხატოს საკუთარი პოზიცია, თვითონ შეარჩიოს ფორმა, ოღონდ ეს, რა თქმა უნდა, უნდა თავსდებოდეს სამართლებრივ მოთხოვნებში და ჩარჩოებში, ყველა შემთხვევაში, ეს არის მთავარი პარადიგმა, რომელიც ყველამ უნდა გაითვალისწინოს და ყველამ უნდა მიიღოს მხედველობაში. რაც შეეხება კონკრეტულ მოთხოვნებს, ვფიქრობ, ხშირ შემთხვევაში ალბათ დისკუსია იქნება საჭირო ამასთან დაკავშირებით, ვინაიდან ხელისუფლებასაც აქვს ბევრი რამ სათქმელი ადამიანებისთვის, რომლებიც პროტესტს გამოხატავენ, მიუხედავად იმისა, გულწრფელია ეს პროტესტი, ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება, ვივარაუდოთ, რომ არც თუ ისე გულწრფელი შეიძლება, იყოს ეს მოტივები. რა თქმა უნდა, ხელისუფლებას იმავდროულად მოსასმენიც აქვს ამ ხალხისგან, ამიტომ ალბათ დიალოგი, საუბარი, მეტი კომუნიკაცია იქნება სწორი მიმართულება ამ პროცესების განვითარების. სამწუხაროა, რომ არსებობს მაღალი რისკი, რომ ზოგიერთი ადამიანის, ადამიანების გულწრფელი პროტესტი და ეს დამოკიდებულება, მათ შორის გაჩენილი კითხვის ნიშნები, შესაძლებელია, ძალიან არაკეთილსინდისიერად გამოიყენოს ჩვენი ქვეყნის ბევრმა არაგულშემატკივარმა. შესაბამისად, ამ რისკებზე სამუშაო გვექნება როგორც ხელისუფლებას, ისე იმ ადამიანებს, რომლებსაც, რა თქმა უნდა, არ სურთ, რომ მათი გულწრფელი გულისტივილი გამოყენებული იქნას არც თუ კარგი მოტივებით“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
„ნამახვანჰესის“ მშენებლობის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებმა პირველი რესპუბლიკის მოედანზე, გზის სავალ ნაწილზე კარვები გაშალეს. აქციის ორგანიზატორების განცხადებით, 24 მაისის 12:00 საათამდე დაელოდებიან ხელისუფლების გადაწყვეტილებას მათ მოთხოვნებთან დაკავშირებით. რაც შეეხება მოთხოვნებს, ვარლამ გოლეთიანის განცხადებით, კომპანია „ენკამ“ უნდა დატოვოს რიონის ხეობა, გაწყდეს კომპანიასთან დადებული ხელშეკრულება, გაბათილდეს ყველა დოკუმენტაცია, რომელიც 2015 წლიდან კომპანიის მისამართითაა გაცემული. მისივე თქმით, ასევე მოთხოვნებს შორისაა ეკონომიკის მინისტრის გადადგომა, ყველა იმ პირის პასუხისმგებლობა, ვინც უშუალოდ მონაწილეობს ამ პროექტში და ენერგოსექტორში მორატორიუმის გამოცხადება. ვარლამ გოლეთიანი აცხადებს, რომ მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, დედაქალაქის პარალიზებას მოახდენენ.